ჭიდაობა

23:18 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ორი დავითის ოქროს დაბრუნება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი ლიდერი დავით მარსაგიშვილი ხანგრძლივი უშედეგობის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა. ევროპის 2-გზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს პრიზიორმა დღეს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, 86 კილოგრამი წონითი კატეგორიის შიდა კონკურენციაში ბრწყინვალედ ჭიდაობით მაყურებელს წლების წინანდელი მარსაგიშვილი გაახსენა – ოქროს მედლამდე ისე მივიდა, არც ერთი მეტოქისთვის წარმატების უმცირესი შანსიც არ მიუცია. ამასთან, საჭიდაოდ განკუთვნილი დრო – 6 წუთი ერთხელაც არ გამოუყენებია.

ფინალის გზაზე დავით მარსაგიშვილმა მარად ზოიძე (10:0), გოჩა ლომთათიძე (სუფთად) და გიორგი ჩხარტიშვილი (11:0) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ირაკლი მწითური დაჩაგრა – 11:0. სწორედ მწითურმა ჩაუკეტა ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა საქართველოს ნაკრების წევრ სანდრო ამინაშვილს (2:2), თან პირველსავე წრეში. ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორმა მოგვიანებით რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ იქაც უმალ წააგო, ლევან მურადხანაშვილთან (1:2).
დღეს საქართველოს ჩემპიონატზე ორივე საჭიდაო სტილში სამ-სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები. ყველაზე დიდ ინტერესს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 125 კილოგრამი იწვევდა, სადაც ნაკრების გამოცდილი წევრები: გენო პეტრიაშვილი, დავით მოძმანაშვილი და გიორგი საკანდელიძე უნდა ჩაბმულიყვნენ კონკურენციაში. წილისყრამ სამივე ფავორიტი სატურნირო ბადის ერთ მხარეს მოახვედრა.
შეჯიბრება პეტრიაშვილისა და საკანდელიძის მეოთხედფინალით დაიწყო. ბევრისთვის მოულოდნელად, გენომ მიზანს ძალიან ადვილად მიაღწია – 11:0. ნახევარფინალში კი მისი და მოძმანაშვილის დაპირისპირება გაცილებით საინტერესოდ წარიმართა. ისედაც დაძაბული სპორტული სანახაობა მოჭიდავეების მუდმივმა კინკლაობამ კიდევ უფრო დაძაბა.
ფინალის საგზური დავით მოძმანაშვილმა მოიპოვა (9:5). მოგვიანებით კი ჩემპიონიც გახდა, მას შემდეგ, რაც ფინალში გიორგი მეშვილდიშვილს აჯობა (2:1). გენო პეტრიაშვილი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა. გიორგი საკანდელიძეს კი დამამშვიდებელ ეტაპზე ბრძოლის გაგრძელების შანსი აღარ მისცემია და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.
დღესვე, თავისუფალ ჭიდაობაში ხალიჩა უმსუბუქეს წონაში – 57 კილოგრამში მოჭიდავეებსაც დაეთმოთ და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არყოფნაში მისი თანაქალაქელი - გორელი ბექა ბუჯიაშვილი გაჩემპიონდა, რომელმაც ოქროს გზაზე რამაზ დარჩიძე (18:5), ლაშა ტალახაძე (8:0) და ოთარ გოგავა (2:1) ჩამოიშორა.
ბერძენ-რომაელებმაც სამი წონა დანომრეს. 59 კილოგრამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი რევაზ ლაშხი ძალიან ადვილად ავიდა. ფინალამდე გიორგი ჯანელიძეს (8:0), ხვიჩა ჭითავას (4:1) და მურად მიქელაძეს (5:0) სძლია. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ირაკლი შავაძეს აუღო 9 უპასუხო ქულა.
ლაშხის მსგავსად, საკმაოდ იოლად დაეუფლა ოქროს ნაკრების მთავარი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია (130 კგ). საჩემპიონო აღმართს ბექა კანდელაკის დამარცხებით (3:0) შეუყვა, ნახევარფინალში ლევან არაბულს აჯობა (6:1), ხოლო ფინალში – სანდრო დიხამინჯიას (3:0).
ბერძნულ-რომაულის არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 80 კილოგრამში ოქროს მედალს ნიკოლოზ კელასოვი დაეუფლა, ფინალში თორნიკე ძამაშვილის საკმაოდ ადვილად ძლევით (7:0). იქამდე კი სამი მეტოქე ჩამოიშორა: ზეზვა აბრამაშვილი, ნუკრი შავაძე და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გობაძე.
საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატი ხვალ, მედლების ბოლო ხუთი კომპლექტის გათამაშებით დასრულდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩემპიონ-პრიზიორებს 61, 74 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოავლენენ, ხოლო ბერძენ-რომაელები – 85 და 98 კილოგრამებში. წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
11 იანვარი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

59 კგ
1 რევაზ ლაშხი (სკ თბილისი)
2 ირაკლი შავაძე (აჭარა)
3 მურად მიქელაძე (აჭარა)
3 რამაზ სურმანიძე (აჭარა. ორც)

80 კგ
1 ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა. ორც)
2 თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
3 ლაშა გობაძე (აჭარა)
3 ვარლამ კვარაცხელია (ხობი)

130 კგ
1 იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2 სანდრო დიხამინჯია (თბილისი)
3 შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)
3 ლევან არაბული (მცხეთა. ორც)

თავისუფალი ჭიდაობა

57 კგ
1 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
2 ოთარ გოგავა (ხონი)
3 ლაშა ტალახაძე (ხაშური)
3 რამინ მუთიძე (აჭარა)

86 კგ
1 დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
2 ირაკლი მწითური (თბილისი)
3 მარად ზოიძე (აჭარა)
3 ნოდარ ეგაძე (გორი)

125 კგ
1 დავით მოძმანაშვილი (თბილისი)
2 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი. ორც)
3 ზურაბ ურტაშვილი (მცხეთა. ორც)
3 გენო პეტრიაშვილი (გორი)

0.116482