ფეხბურთი

11:00 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: “ხიმნასტიკი” ჩემი კარიერისთვის ტრამპლინი უნდა გამოდგეს”
“ჩისკოს გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა, ემანამ კი მირჩია, რომ ფეხბურთით სიამოვნება მივიღო”

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია რამდენიმე დღის წინ ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ბინადარ ტარაგონას “ხიმნასტიკში” ოფიციალურად ჩაირიცხა. გიორგი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც სეგუნდაში ითამაშებს და ეს, იმის ფონზე უფრო დასაფასებელი ფაქტია, რომ ბოლო დროს ქართველი მოთამაშეების წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში გადასვლას მოკლებულნი ვართ...

worldsport.ge აბურჯანიას ესპანეთში დაუკავშირდა და ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა. როგორც 21 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, ნაბიჯი, რომელიც მან გადაგდა, კარიერაში წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს. მისივე თქმით, გუნდში კარგად მიიღეს, თუმცა მთავარ პრობლემად ენობრივ ბარიერს ასახელებს, რადგან სურს მასსა და მთავარ მწვრთნელ ვისენტე მორენოს შორის კონტაქტი დაბრკოლებების გარეშე დამყარდეს. გარდა ამისა, გიორგიმ გაამხილა, რომ დაინტერესება ჰოლანდიური და ბერძნული გუნდებიდანაც ჰქონდა, თუმცა ამ ეტაპზე ესპანური ვარიანტი ამჯობინა.

- გიორგი, მოასწარი თუ არა უკვე გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება?

- დიახ, მოვასწარი გუნდთან ერთად ერთი ვარჯიშის ჩატარება, როდესაც ფორმალობების მოგვარება საბოლოოდ დასრულდა.

- რა განსხვავებაა ესპანურ ვარჯიშებსა და კვიპროსულს შორის?

- ყველა მწვრთნელს ინდივიდუალური ვარჯიშები აქვს – აქ, უფრო შესამჩნევი რაცაა, აგრესია და ტემპია, ეს თამაშების დროსაც ჩანს. ორთაბრძოლების რაოდენობა საგრძნობლად მაღალია.

- მართალია, რომ “ხიმნასტიკში” ჩისკოს რეკომენდაციით მოხვდი?

- სპორტული დირექტორი ემილიოს ვიკუერა და პრომოესპორტი არიან ამ ტრანსფერის უშუალო მონაწილეები. მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო ნდობისთვის.

- ჩისკო თუ გესაუბრა “ხიმნასტიკზე”, ზოგადად ესპანეთზე და ესპანურ ფეხბურთზე?

- ჩისკოს ვესაუბრე. რა თქმა უნდა, მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა და ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი როლი სწორედ მან ითამაშა. ასევეა ადაპტაციის მხრივაც, იგი ძალიან მეხმარება. ჩისკო დადებითი პიროვნება და მაღალი დონის პროფესიონალია. აქ რომ არ იყოს, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, ყველაფრის მოგვარებაში მეხმარება. გამოვყოფ, რომ საქართველი და ქართველები ძალიან უყვარს, რაშიც დიდი წვლილი თბილისის “დინამოს” მიუძღვის.

- რა ნომრით ითამაშებ?

- ესპანეთში არსებული წესის მიხედვით 25-ის ზემოთ ნომრის აღება არ შეიძლება. დღეს კი გუნდში თავისუფალი მხოლოდ 14 და 15 ნომრებია. ამ ორიდან კი უფრო 15-სკენ ვიხრები (იღიმის).

- მთავარი მწვრთნელი, ვისენტე მორენო თუ გესაუბრათ და რა გითხრათ?

- მომილოცა კარიერაში ახალი ნაბიჯი და წარმატება მისურვა. ეს იყო და ეს... ერთი პრობლემაა – ის ინგლისურად ვერ საუბრობს, მე კი ესპანურად (იღიმის). საერთოდ, გუნდში ინგლისური ენა ბევრმა არ იცის და ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ვისწავლო ესპანური ენა.

- როგორ ფიქრობ, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის მთავარი რა იქნება და რამდენად მალე შეძლებ სასტარტოში დამკვიდრებას?

- ძირითადში მოხვედრისთვის საჭიროა, მალე გავიარო ადაპტაციის პერიოდი, რადგან შესაჩვევად მაღალი ტემპია. ნაკლები დრო გაქვს ფიქრისთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ორთაბრძოლები უფრო მეტია და ენის ბარიერიც მოსაგვარებელია. იმედი მაქვს, ადაპტაციას სწრაფად გავივლი.

- გუნდში შენი ჩათვლით სულ 5 ლეგიონერია და წესით ლიმიტის გამო ძირითადში მოხვედრაზე პრობლემა არ უნდა შეგექმნას...

- როგორც ვიცი, სეგუნდადივიზიონში ძირითად შემადგენლობაში თამაშის უფლება მხოლოდ 3 ლეგიონერს აქვს, თუმცა ეს პრობლემა არაა. მთავარია, რაც შეიძლება მალე ვისწავლო ესპანური ენა, რომ მწვრთნელის დავალებები ადვილად გავიგო.

- “ხიმნასტიკის” რიგებში ყველაზე ცნობადი და გამოცდილი ფეხბურთელი აჩილე ემანაა, რომელსაც კამერუნის ნაკრებში არაერთხელ უთამაშია. გარდა ამისა, “ბეტისისა” და “ტულუზას” ერთ-ერთი ლიდერიც იყო. რა გირჩია აფრიკელმა ფეხბურთელმა?

- აჩილე მოგეხსენებათ, “ბეტისის” ლეგენდაა. ჩისკოსა და მას ძალიან დიდი სახელი აქვთ ესპანეთში.. რჩევით კი, უბრალოდ მირჩია, ფეხბურთით მიმეღო სიამოვნება, დანარჩენ სხვაზე ყურადღება არ მიმექცია და ყველაფერი თავისით მოვაო...

- გუნდში როგორ მიგიღეს და საერთოდ, რა ატმოსფეროა “ხიმნასტიკში”?

- ძალიან კარგად მიმიღეს, რაშიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ დიდი წვლილი ჩისკოს მიუძღვის. ატმოსფერო კი გასახდელში შესანიშნავია, ერთ მუშტად შეკრული გუნდია.

- ალბათ, ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა პრიმერაში თამაში... რას იტყოდი გუნდის შანსებზე, რომ წელსვე მოიპოვოს ლა ლიგის საგზური?

- რა თქმა უნდა, პრიმერადივიზიონში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. შანსს რაც შეეხება, გვაქვს. თუმცა სეგუნდადივიზიონი ისეთი ჩემპიონატია, რომ ძლიერი და სუსტი გუნდები არ არსებობენ. ყველას ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც პრიმერაში თამაშის გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. შესაბამისად, დაძაბული ჩემპიონატია. შეიძლება პირველი წრე მე-10 ადგილზე დაასრულო და საბოლოოდ პირველ პოზიციაზე გახვიდე.

- და მაინც, მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევ? “ალავესი”, “ოსასუნა”, “კორდობა”...

- “ალავესი”, “ოსასუნა”, “კორდობა” კარგი გუნდები არიან, მაგრამ რომელიმეს გამოყოფა არ შეიძლება, რადგან როგორც გითხარით, წინასწარ არავინ იცის, ვინ გადავა პრიმერაში და ვინ ვერა.

- გასაკვირი არ იქნება, თუ “ხიმნასტიკს” ტრამპლინად მიიჩნევ. სეგუნდას ბევრი მაღალი დონის გუნდების (არამარტო ესპანური) სკაუტები ადევნებენ თვალს...

- რა თქმა უნდა, სწორედ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მოტივი...

- ტარაგონას პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი სტადიონი აქვს. “ნოუ ესტადი” დაათვალიერე?

- მართლაც ძალიან ლამაზი სტადიონია. აეროპორტიდან პირდაპირ “ნოუ ესტადის” სანახავად წავედით.

- სხვა კლუბების ვარიანტებიც გქონდა?

- იყო კონკრეტული ინტერესი ჰოლანდიიდან და საბერძნეთიდან, თუმცა აღარ მსურს ამ თემაზე საუბარი, რადგან მე ეს ვარიანტი ვარჩიე.

- “ანორთოსისზე” რას იტყოდი, როგორც ფეხბურთელს რა მოგცა კვიპროსულმა წელიწადნახევარმა?

- “ანორთოსისს” მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. კვიპროსში საგრძნობლად გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. ყველაზე კარგი კი, რაც “ანორთოსისმა” მომცა, ალბათ სტაბილურობაა.

- ახლა ალბათ, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზეც სერიოზულად ფიქრობ. თანაც, შენს პოზიციაზე რბილად რომ ვთქვათ, არ გვილხინს...

- დიახ, ყველა ფეხბურთელს აქვს ამბიცია, რომ თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს და გამოადგეს სამშობლოს. შესაბამისად, ჩემი მიზანი და ამავდროულად ოცნებაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია.

0.107593