ჭიდაობა

21:44 | 10.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი სამეული

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატზე ჭიდაობაში სამდღიანი პროგრამის პირველ დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რვა წონითი კატეგორიიდან სამში: 66, 71 და 75 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოავლინეს საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები. 66-ში ყველას აჭარელმა შმაგი ბოლქვაძემ აჯობა. ფინალის გზაზე მან ედნარ შავაძე, ლაშა გოგიტაძე და ანტონ მამაგეიშვილი ჩამოიშორა. საჩემპიონო ბრძოლაში კი გიორგი დავითაიას გაფრთხილებების ხარჯზე აღებული ქულებით 2:0 სძლია.

71 კილოგრამის შიდა კონკურენციაშიც აჭარის გუნდის წევრმა მინდია წულუკიძემ იმარჯვა. ფინალამდე გოგა შანავას, ლადო შავაძეს და გოგა აფრიამაშვილს მოუგო. ოქროს მედალს კი გიორგი ჯავახიას ძლევით (2:0) დაეუფლა.

ძმების – ზურაბ და გიორგი დათუნაშვილების ფინალით დაგვირგვინდა 75 კილოგრამი წონითი კატეგორიის შეჯიბრება. გადამწყვეტ ბრძოლაში ცხადია, ფავორიტი საქართველოს ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი იყო, მაგრამ 3:4 დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ძმის ძლევამდე გიორგიმ მინდია ბოლქვაძე, სულხან ნიკოლიშვილი და ილია გულბათაშვილი ჩამოიცილა. ამავე წონაში გავიდა ხალიჩაზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მანუჩარ ცხადაია, მაგრამ საბოლოოდ პოდიუმს მიღმა დარჩა. ძირითად ბადეში გამოსვლა ზურაბ დათუნაშვილთან მარცხით დაასრულა. რეპეშაჟის ფინალში კი გელა ბოლქვაძესთან წააგო.

თავისუფალ ჭიდაობაში საპრიზო სამეულები ორ წონაში შეივსო. 65 კილოგრამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ყვარლელი ზურაბ იაკობაშვილი ავიდა. დილის პროგრამაში მან ერთადერთი ქულა დაკარგა – ნახევარფინალში, ლევან ქელეხსაშვილთან (6:1). იქამდე ლაშა მათიაშვილსა და კახა ელბაქიძეს ერთნაირი ანგარიშით – 10:0 აჯობა. ფინალში კი საქართველოს ნაკრების გამოცდილ წევრ კონსტანტინე ხაბალაშვილს დაეჭიდა და წარმატების პატარა შანსიც კი არ მისცა – 11:0.

70 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონი ნაკრების წევრი, გორელი დავით ტლაშაძე გახდა, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში საკმაოდ გაუჭირდა. ნახევარფინალში ალექსანდრე ჯაჭვაძეს მომგებიანი ფრით – 3:3-ით გასცდა, ფინალში კი დიმიტრი ბასილაშვილთან 2:1 მოიგო. წინასწარ ეტაპებზე ტლაშაძემ ვალერი ბაგაევი, ზვიად მეკეიძე და Gიორგი სანოძე დაამარცხა.

ხვალ საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 59, 80 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. თავისუფალში – 57, 86 და 125 კილოგრამებში. დილის პროგრამის შეხვედრები 11 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

10 იანვარი

ბერძნულ-რომაული

66 კგ

1 შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)

2 გიორგი დავითაია (სენაკი)

3 გიორგი კურტანიძე (გარდაბანი)

3 ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი)

71 კგ

1 მინდია წულუკიძე (აჭარა)

2 გიორგი ჯავახია (თბილისი)

3 თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)

3 გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)

75 კგ

1 გიორგი დათუნაშვილი (თბილისი)

2 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)

3 ილია გულბათაშვილი (თბილისი)

3 გელა ბოლქვაძე (აჭარა)

თავისუფალი

65 კგ

1 ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)

2 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)

3 გიორგი ბრეგაძე (ქუთაისი)

3 ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)

70 კგ

1 დავით ტლაშაძე (გორი)

2 დიმიტრი ბასილაშვილი (ბოლნისი)

3 თორნიკე კვინიკაძე (ხაშური)

3 გიორგი სანოძე (ხონი)

0.126891