დანიის პირველლიგელმა “სილკებორგმა” ორი თვის წინ გაუფორმა კონტრაქტი დავით სხირტლაძეს და ახალი წლიდან ის ოფიციალურად გახდა ახალი კლუბის ფეხბურთელი. “სილკებორგს” პეტერ სიორენსენი წვრთნის, რომელიც კარგა ხანს თავკაცობდა “ორჰუსს” – საიდანაც სხირტლაძე გადავიდა “სილკებორგში”.
“სხირტლაძისგან განსაკუთრებულს ველით. ის ჭკვიანია და ბურთს მშვენივრად ფლობს. მისგან გოლების გატანას ველით. ყოფილა მატჩები “ორჰუსშიც”, როცა ის საუკეთესო იყო მინდორზე” – თქვა სიორენსენმა.
სხირტლაძემ “ორჰუსში” 83 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ის 17 წლისა იყო, როცა “ორჰუსმა” წაიყვანა, ხოლო ახლა 22-ისაა.