10-24 ინვარს სუმოს მექად მიჩნეულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” სტარტს აიღებს იანვრის ტრადიციული სუპერტურნირი, რომელშიც ქართველი სეკიტორები – ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი და თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუც – იასპარეზებენ.
თავდაპირველად, სუმოს პროფესიული ასოციაციის მიერ განახლებულ მონაცემებზე ვთქვათ. ტოჩინოშინი (13.10.1987) მომავალ ტურნირზე კვლავაც კასუგანოს სკოლას წარადგენს. მისი სიმაღლე 190 სმ-ია, წონა კი – 169 კგ. რაც შეეხება კისეს სკოლის წარმომადგენელ გაგამარუს (23.02.1987), მისი მონაცემები ასეთია: სიმაღლე – 187 სმ. წონა – 199 კგ.
ჰაცუ ბაშოს საწყის დღეს, კომუსუბის რანგის მქონე ტოჩინოშინი იოკოძუნა ჰარუმაფუჯის გაეჯიბრება, რომელსაც 21-ჯერ გადაჰყრია და მხოლოდ 5-ჯერ ჰყავს დამარცხებული – აქედან ერთხელ იოკოძუნას რანგში. სწორედ მაშინ აიღო ლევანმა კარიერის ერთადერთი კინბოში.
ქართველ სეკიტორს მონღოლი მეტოქე იანვრის სუპერტურნირის მეორე დღესაც. ტოჩინოშინს ოძეკი ტერუნოფუჯისთან ჩატარებული 5 ორთაბრძოლიდან ერთადერთი აქვს მოგებული და ისიც – გასულ ბაშოზე. საინტერესოა, რომ ამ მეტოქეების ყველა შერკინებაში გამარჯვებული იორიკირის საშუალებით გამოვლინდა.
საწყის დღეებში უხერხული მეტოქეები ხვდა წილად გაგამარუსაც, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით გაირჯვება. ქართველი გოლიათი საწყის შერკინებას აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა, იაპონელ სადანოუმისთან გამართავს, რომელთანაც 6-ვე გასული შეხვედრა წაგებული აქვს.
გაგამარუს მე-2 მეტოქე იაპონელი აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება. ქართველ სუმოისტს მასთან ასევე 6 ბრძოლა აქვს გამართული და დოჰიო გამარჯვებულმა მხოლოდ ერთხელ დატოვა.