სხვა

2:28 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა წყალბურთელებმა ბრაზილია დაამარცხეს!

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში სერბეთში ევროპის ჩემპიონატზე თამაში მოუწევს, ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან საკონტროლო მატჩი ჩაატარა და 9:8 მოიგო.

საინტერესოა, რომ ბრაზილიელები წლეულს რიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან და მათ წყალბურთის სამყაროში ცნობილი ხორვატი მწვრთნელი რატკო რუდიჩი (იუგოსლავიის, იტალიის, აშშ-ს და ხორვატიის ნაკრებთა თავკაცის რანგში, 3-გზის მსოფლიო და 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი) ავარჯიშებთ.

მოკლედ, მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა, სპარინგ-შეხვედრაში, რომელიც მხოლოდ 2 პერიოდით განისაზღვრა, გამარჯვება ქართველებს დარჩათ.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მდებარე “კომბანკ არენა”, რომელიც წყალბურთის მატჩებისთვის 12 ათას მაყურებელს იტევს, ევროპის პირველობას 10-23 იანვარს უმასპინძლებს.

ქართველი წყალბურთელები C ჯგუფში მოხვდნენ და პაექრობა რუმინეთის (11 იანვარი), გერმანიის (13) და იტალიის (15) ეროვნულ გუნდებთან მოუწევთ.

აქვე სხვა ჯგუფების შემადგენლობაც. A ჯგუფი: მონტენეგრო, ესპანეთი, ჰოლანდია, სლოვაკეთი. B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, საფრანგეთი, მალტა. D ჯგუფი: უნგრეთი, საბერძნეთი, რუსეთი, თურქეთი.

საინტერესოა, რომ ევროპის ჩემპიონატის ახლებური რეგლამენტის თანახმად, პლეი-ოფში ტურნირის 16-ვე მონაწილე გადის. მერვედფინალში გუნდები ასე დაწყვილდებიან: A1-B4, C2-D3, B1-A4, D2-C3, C1-D4, A2-B3, D1-C4, B2-A3. ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება, ამდენად, საქართველოს ნაკრებს 7 მატჩის ჩატარება ყველა ვარიანტში მოუწევს.

დასასრულ იმასაც მოგახსენებთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის პირველობის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს. პირველი რეპორტაჟი მე-2 არხზე 11 იანვარს შედგება. 12:30 საათიდან საქართველო რუმინეთს გაეჯიბრება.

http://1tv.ge/ge/videos/view/155701/170.html

0.114372