ქართველმა ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ კლუბი შეიცვალა, თუმცა ფინეთშივე დარჩა: უმაღლესი ლიგის კუპს-იდან ქალაქ კოკოლას კპვ-ში გადავიდა. კპვ პირველ ლიგაშია და ადრე სირბილაძე ამ გუნდში თამაშობდა კიდეც, თანაც საკმაოდ შედეგიანად: პირველი ლიგის საუკეთესო მეგოლე გახდა.
შემდეგ სირბილაძემ ითამაშა უმაღლესი ლიგის გუნდებში: "იაროში", ტურკუს "ინტერსა" და ბოლოს კუპს-ში. საუკეთესო პერიოდი "ინტერში" ჰქონდა, სადაც ფინეთის ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჩემპიონობამდე კი ცოტაღა დააკლდა. ის თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა და 3 მატჩში ათამაშა, მათ შორის, შინ ესპანეთთან (0:1).
"სიმართლე გითხრათ, ფინეთის უმაღლესი ლიგის გუნდებში თუ წახვალ, ლიდერ გუნდში უნდა წახვიდე. პირადად მე ფინეთში ყველაფერი მოვიგე. თანაც, კპვ-ში კარგი პირობები შემომთავაზეს და სხვა სტიმული მაქვს, რომ გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დავეხმარო. ჩემი ყოფილი თანაგუნდელები არიან კპვ-ში, რომლებიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ. ესეც დამატებითი ფაქტორი იყო. ქალაქიც კარგია, ყველა მიცნობს, მეგობრები მრავლად მყავს. ასე რომ, ცუდი გადაწყვეტილება არ ყოფილა. კონტრაქტს რაც შეეხება, წლის ბოლომდე მოვაწერე ხელი და ორი დღეა, რაც ვარჯიში დავიწყეთ" - უთხრა სირბილაძემ "მსოფლიო სპორტს".