ფეხბურთი

4:19 | 7.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დაძაბული და უხეში ანდალუსიურ-კატალონიური დერბები ფავორიტების გამარჯვებით დასრულდა

ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის 8 შეხვედრიდან, გუშინ 6 მატჩი გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა კატალონიური და ანდალუსიური დერბები. ორივე დაპირისპირებაში ფავორიტები გამოვიდნენ გამარჯვებულნი.

შაბათს “ბარსელონამ” “კორნელია ელ პრატზე” “ესპანიოლთან” ორი ქულა დაკარგა და გასაკვირი არაა, რომ გაორმაგებული მოტივაციით თამაშობდა. თანაც, მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა არდა თურანს, რომელიც ძირითადში გახლდათ, ხოლო ალეიშ ვიდალი შეცვლაზე ჩაერთო თამაშში.

“ბლაუგრანამ” თავიდანვე აქტიურად დაიწყო, თუმცა მოულოდნელად გოლი აქეთ მიიღო – დანი ალვეშმა მოედნის ცენტრთან დაკარგა ბურთი, რასაც სტუმართა შეტევა და ფელიპე კაისედოს გოლი მოჰყვა. ლუის ენრიკეს შეგირდები არ დაბნეულან და ძალიან მალე გაათანაბრეს, ოთხ წუთში ლიონელ მესიმ პაუ ლოპესს ახლო მანძილიდან გაუტანა. ტაიმის ბოლოს არგენიტელმა შესანიშნავი ჯარიმა შეაგდო და თავის გუნდი შესვენებაზე დაწინაურებული გაიყვანა.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე “ბარსამ” მძლავრად შეუტია და ამან შედეგი მალევე გამოიღო. ლიონელ მესიმ ხერარდ პიკეს ცარიელ კარში გაუტანა. შეხვედრა ბოლოს ძალიან დაიძაბა და უხეში ხასიათი მიიღო, რაც უპირველეს ყოვლისა სტუმართა დამსახურებაა. მსაჯმა ჯამში 11 ყვითელი ბარათი ამოიღო ჯიბიდან, რომელთაგან 7 “თუთიყუშებს” უჩვენა, რომელთაც ასევე 2 მოთამაშე გაუძევა. “ბლაუგრანამ” კი, რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა და 88-ე წუთზე ნეიმარმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა. დამატებულ წუთებზე თავისი გოლის გატანა ლუის სუარესსაც შეეძლო, მაგრამ რეალური შანსი გაუშვა ხელიდან - 4:1.

“ბეტისმა” მიმდინარე სეზონში მეორე საშინაო სევილიური დერბი ჩაატარა და ამჯერად დამარცხდა (ლა ლიგაში 0:0). სტუმრებს ტაიმი კრონ-დელიმ მოაგება, ხოლო მეორე ნახევრის დაწყებისთანავე კრიხოვიაკმა გაზარდა სხვაობა. “მწვანეებს” შეხვედრის მიწურულს ერთი ბურთის გატანა შეეძლოთ, მაგრამ რუბენ კასტრომ პენალტი ვერ გაიტანა – 0:2.

საოცარი შეხვედრა შედგა “სან მამესზე”, სადაც პირველი ნახევრის შემდეგ “ბილბაო” 0:2-ს აგებდა “ვილიარეალითან”, თუმცა უილიამსის, ადურისისა და ლაპორტეს გოლებით შეხვედრის ბედი შემოაბრუნა.

მადრიდული დერბი შედგა “ესტადიო ვალეკასზე”, სადაც “რაიო ვალეკანო” “ატლეტიკოს” დაუზავდა. მასპინძლები მარტინესის გოლით იგებდნენ, თუმცა საულმა მეორე ტაიმში ყოფილ კლუბს გაუტანა და მატჩი 1:1 დასრულდა.

“დეპორტივო” გასვლაზე სეგუნდას ბინადარ “მირანდესს” ეწვია და ფრედ ეთამაშა, ხოლო “ვალენსიამ” ალვარო ნეგრედოს ჰეთ-თრიკისა და როდრიგო მორენოს გოლით შინ “გრანადა” გაანადგურა – 4:0.

ბარსელონა – ესპანიოლი 4:1 (2:1)

გოლები: 0:1 კაისედო (9), 1:1;2:1 მესი (13;44), 3:1 პიკე (49), 4:1 ნეიმარი (88)
გაძევებები: ჰ.პერესი (72), დიოპი (65)

ბილბაო – ვილიარეალი 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 ბაპტიშტაო (16), 0:2 სამუელი (38), 1:2 უილიამსი (54), 2:2 ადურისი (68), 3:2 ლაპორტე (81)
გაძევება: გასპარი (87)

რაიო ვალეკანო – ატლეტიკო 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ნ.მარტინესი (35), 1:1 საული (67)

მირანდესი – დეპორტივო 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ორტისი (25), 1:1 ლოპო (75)

ბეტისი – სევილია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კრონ-დელი (13), 0:2 კრიხოვიაკი (49)
გაძევება: ნ’დიაიე (86)

82-ე წუთზე რუბენ კასტრომ პენალტი ვერ გაიტანა

ვალენსია – გრანადა 4:0 (2:0)

გოლები: 1:0;3:0;4:0 ნეგრედო (8;63 პენ. 83 პენ.), 2:0 როდრიგო (35)

0.168172