საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ, მზადების გადამწყვეტ ეტაპს გადის, ჰოლანდიაში 2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა და თითო მოგება-წაგება მიითვალა.
ქართველი და ჰოლანდიელი წყალბურთელები ერთმანეთს დენ ჰააგში გაეჯიბრნენ და პირველ მატჩში გამარჯვება იოვან პოპოვიჩის შეგირდებს დარჩათ – 12:11. მე-2 შეხვედრაში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და რევანშის აღება მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის მიწურულს საქართველოს და ჰოლანდიის ნაკრებები ერთმანეთს სტამბოლის ოთხთა ტურნირის ფინალშიც დაუპირისპირდნენ და მაშინ “ნარინჯისფრებმა” 14:9 იმარჯვეს.
უკვე დღეს, ქართული დელეგაცია გეზს სერბული ნოვი-სადისკენ აიღებს, 8-ში კი უკვე ბელგრადში იქნება, სადაც ევროპის პირველობა გახლავთ დაგეგმილი.
სერბეთის დედაქალაქში მდებარე “კომბანკ არენა”, რომელიც წყალბურთის მატჩებისთვის 12 ათას მაყურებელს იტევს, პრესტიჟულ ტურნირს 10-23 იანვარს უმასპინძლებს. ქართველი წყალბურთელები C ჯგუფში მოხვდნენ და პაექრობა რუმინეთის (11 იანვარი), გერმანიის (13) და იტალიის (15) ეროვნულ გუნდებთან მოუწევთ.
აქვე სხვა ჯგუფების შემადგენლობაც. A ჯგუფი: მონტენეგრო, ესპანეთი, ჰოლანდია, სლოვაკეთი. B ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, საფრანგეთი, მალტა. D ჯგუფი: უნგრეთი, საბერძნეთი, რუსეთი, თურქეთი.
საინტერესოა, რომ ევროპის ჩემპიონატის ახლებური რეგლამენტის თანახმად, პლეი-ოფში ტურნირის 16-ვე მონაწილე გადის. მერვედფინალში გუნდები ასე დაწყვილდებიან: A1-B4, C2-D3, B1-A4, D2-C3, C1-D4, A2-B3, D1-C4, B2-A3. ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება, ამდენად, საქართველოს ნაკრებს 7 მატჩის ჩატარება ყველა ვარიანტში მოუწევს.
დასასრულ იმასაც მოგახსენებთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის პირველობის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს.
ჰოლანდია – საქართველო 11:12 (2:3, 3:4, 2:1, 4:4)
ჰოლანდია – საქართველო 13:9 (4:2, 4:2, 1:2, 4:3)