კალათბურთი

14:47 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია VS ნოვიცკი: პაექრობა გრძელდება

დღეს დილით, ზაზა ფაჩულიას და დირკ ნოვიცკის “დალას მავერიქსმა” “საკრამენტო კინგსს” სასწაული თამაში მოუგო და გასაკვირი არ ყოფილა, რომ “ემერიქან ეარლაინს არენას” ბინადრები ჩინებულ ხასიათზე იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ “მავსმა” მატჩში, რომელშიც 2 ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, 117:116 იმარჯვა. ზედ საფინალო სირენასთან ერთად გადამწყვეტი სამქულიანი დერონ უილიამსმა ჩააგდო, წარმატებაში მცირე როლი კი არც ქართველ და გერმანელ კალათბურთელებს უთამაშიათ: ფაჩულიამ 9 ქულა, 17 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა, ნოვიცკიმ კი – 23 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი.

თამაშის შედეგმა ბიჭები ხომ გაამხიარულა და მატჩის პირველ მეოთხედში დამატებით ერთი ეპიზოდიც იყო, რომელმაც დალასელები კარგ ხასიათზე დაყენა. “მავერიქსში” კარგად იციან, რომ ზაზა და დირკი მაღალი ნახტომით არ გამოირჩევიან და ეს, სახუმარო თემა არაერთხელ გამხდარა.

სწორედ აქედან გამომდინარე, ფაჩულიას და ნოვიცკის თავისებური ნიძლავი აქვთ დადებული, რომლის გამარჯვებულიც ის გახდება, ვინც სეზონს უფრო მეტი “ჩატენვით” დაასრულებს. ამ დროისთვის ასეთი შედეგი გვაქვს: ზაზა – 9 “სლემ-დანქი”, დირკი – 4...

“კინგსთან” შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როდესაც ნოვიცკი ფარიდან ასხლეტილ ბურთს დაეუფლა და ის იყო კალათში უნდა ჩაებრუნებინა, რომ მოკლე ნახტომი გამოუვიდა და ბურთი პირდაპირ რგოლს “აჯახა”. გერმანელმა ფორვარდმა მყის სათადარიგოთა სკამისკენ გაიხედა და წინასწარ იცოდა, იქიდან რა რეაქციაც ელოდა.

“თითქოს კარგად ავხტი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა. ისე გამოვიდა, რომ პირველ ტაიმში ყველაზე მეტად ეს ეპიზოდი გამოარჩიეს”, - ამბობდა ნოვიცკი თამაშის შემდეგ, როდესაც მას ფაჩულია მიუახლოვდა და სრულიად სერიოზული სახით სიტუაციის “ახსნა” დაიწყო.

“ეს სასირცხვილო ამბავი იყო. ყველანი ვხედავთ, რომ დირკი მაქსიმუმს აკეთებს, რათა მორიგი “დანქი” მიითვალოს, მაგრამ ეს თამაშია. ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც გინდა. დღევანდელი ეპიზოდი კი, მგონი, საერთოდაც მინუს ერთ ცდად უნდა ჩავუთვალოთ”.

გამოწვევა დირკმაც მიიღო და “პირველი ჩვენება” შეცვალა: “ჩატენვის დროს დიდად მონდომებული არ ვყოფილვარ. სწორედ ახტომის წინ გავიგე, რომ მსაჯმა ფოლი ჩასტვინა. შესაბამისად, მცირედ ავხტი, თორემ “ჩატენვა” რა პრობლემა იქნებოდა. გავატაროთ ზაზას ეს კომენტარი. მას თვითმფრინავში დაველაპარაკები“.

სხვათა შორის, ბოლო პერიოდია ნიძლავს ერთი დამატებითი პუნქტი დაემატა. ფაჩულიამ დიდსულოვნება გამოიჩინა და ნოვიცკის მორიგ შეთავაზებასაც დაეთანხმა. გერმანელი ფორვარდის მიერ ჩაგდებული 10 სამქულიანი ერთ “სლემ-დანქს” უტოლდება, ამდენად, დირკს ზაზას წამოწევის შანსები ეზრდება.

0.122456