ფეხბურთი

21:20 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

იმედად მოსული...

ბოლო პერიოდში დღე არ გავიდოდა ისე, რომ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის შესაძლო დანიშვნის შესახებ არ დაწერილიყო. ჰოდა, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდებაო და ფრანგმაც გუშინ საღამოს რაფაელ ბენიტესის ადგილი ოფიციალურად დაიკავა.

“ზიზუს” განსაკუთრებულ სამწვრთნელო ნიჭზე საუბარი ალბათ ჯერ ნაადრევია და ყველაფერს დრო გამოაჩენს, მაგრამ მრავლისმნახველი მადრიდელი ინჩადა იმედის თვალით რომ შეჰყურებს, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი “რეალის” ქომაგთა გულებშია და ამ სიყვარულს ახლა გამართლება კიდევ ერთხელ სჭირდება. კიდევ ერთხელ იმიტომ, რომ გენიალური ფრანგის ბოლო სათამაშო კლუბი სწორედ “რეალი” გახლდათ, სადაც 2006 წელს, დიდების ზენიტში მყოფმა ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა... მას მერე, თითქმის ათეული წელი გავიდა, თუმცა ზინედინი “სანტიაგო ბერნაბეუზე” არ დავიწყებიათ. თუმცა ეს შეუძლებელიც იყო.

ზიდანისთვის, როგორც მწვრთნელისთვის ეს პირველი დიდი გამოწვევაა 43 წლის ასაკში. ფეხბურთში მას იმდენი უნახავს, სამწვრთნელო კარიერაში ფეხბურთელობისას მიღებული გამოცდილების გამოყენება არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ერთიცაა – ყველა დიდი ფეხბურთელი, დიდი მწვრთნელი ვერ დამდგარა...

ცოდნა, რაც მწვრთნელობისას აქვს მიღებული, ისევ “რეალს” უკავშირდება: 2013-2014 წლებში იტალიელი კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო და მასთან ერთად 12 წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა, ხოლო მას მერე დღემდე, კასტილიის გუნდს ავარჯიშებდა.

ფრანგი ისეთი სტილის მოთამაშე იყო, რომ მისგან მხოლოდ შემტევი სტილის გუნდის დაყენებას ელიან, უფრო მეტად კი მოითხოვენ და ალბათ ამას თვითონ ზინედინიც კარგად უნდა ხვდებოდეს. როგორი მწვრთნელი იქნება XX საუკუნის მიწურულისა და XXI საუკუნის დასაწყისის გამორჩეული ფეხბურთელი ამას თამაშიდან თამაშამდე გავიგებთ. ყველაფერი კი 9 იანვარს, მშობლიურ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” მატჩით დაიწყება. იმედისა და მოლოდინის გასამართლებლად ზიდანს ყველაფერი აქვს – ნდობა, სიყვარული და მის განკარგულებაში მსოფლიოს არაერთი გამორჩეული ფეხბურთელია. დანარჩენს კი მისი სამწვრთნელო შნო გამოაშკარავებს...

0.150008