კალათბურთი

1:00 | 5.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი კარიერას “იუვე კაზერტაში” გააგრძელებს

ქართველმა კალათბურთელმა ნიკა მეტრეველმა, რომელიც 14 იანვარს 25 წლის გახდება, იტალიური “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდო” დატოვა და კარიერას სერია ა-ს ბინადარვე “იუვე კაზერტაში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას Sportando.com ავრცელებს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ქართველმა ფორვარდმა ორლანდოელთა მაისურით 14 მატჩის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 15.5 წუთი, 4.1 ქულა და 3.4 მოხსნა. ისიც ვთქვათ, რომ “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდო” 4 მოგებით და 11 მარცხით 16-გუნდიან ლიგაში ბოლო ადგილზეა.

უკეთეს მდგომარეობაშია ნიკას ახალი კლუბი “იუვე კაზერტა”, რომელსაც 6 მოგებით და 9 წაგებით მე-11 პოზიცია უკავია. კაზერტელთა მაისურით მეტრეველის დებიუტი სავარაუდოდ 17 იანვარს შედგება, როდესაც მისი გუნდი “ვარეზეს” უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდო” ქართველი კალათბურთელის გარეშე მაინც არ დარჩება. ამ კლუბში 17 წლის ლევან ბაბილოძე ირიცხება, რომელმაც ძირითად გუნდში პირველი მატჩი სწორედ გასულ უქმეებზე ჩაატარა.

0.123758