ფეხბურთი

23:35 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ბენიტესი ზიდანით ჩაანაცვლა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე გუნდის მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის დათხოვნის შესახებ განცხადება გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ მის ადგილს ზინედინ ზიდანი დაიკავებს. ეს უკანასკნელი აქამდე მადრიდელთა მე-2 შემადგენლობას ავარჯიშებდა.

“კლუბის ხელმძღვანელობამ ბენიტესის განთავისუფლების შესახებ არცთუ იოლი გადაწყვეტილება მიიღო. ამ ვერდიქტის გამოტანა განსაკუთრებით რთული იყო ჩემთვის, რადგანაც რაფაელი დიდებული პროფესიონალი და კარგი ადამიანია. “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელი ზიდანი იქნება და მე სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ მისთვის სიტყვა “შეუძლებელი” არ არსებობს”, - განაცხადა პერესმა.

შეგახსენებთ, რომ ბენიტესმა “სამეფო კლუბი” გასული წლის ივნისში ჩაიბარა, თუმცა, მალევე გაჩნდა ცნობები, რომ ის “რეალის” ვარსკვლავებთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებდა. ისიც სათქმელია, რომ მადრიდელებს ესპანური ჩემპიონატის წამყვან კლუბებთან თამაში უჭირდათ. “რეალმა” “სევილიასთან”, “ბარსელონასთან” და “ვილიარეალთან” წააგო, “ატლეტიკოსთან” და “ვალენსიასთან” კი ფრედ ითამაშა.

“ეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ახლა, იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც “რეალში” ფეხბურთელის რანგში მივედი. მომავალ სამუშაოში გულსა და სულს ჩავდებ და იმედია, ყველაფერი გამოგვივა”, - ასეთი იყო ზიდანის პირველი კომენტარი, რომელიც "სამეფო კლუბის" ისტორიაში პირველი ფრანგი მწვრთნელი გახდა. მისი ხელმძღვანელოით, "რეალი" პირველ ვარჯიშს 5 იანვარს ჩაატარებს.

0.113072