პოლონურ “იაგელონიაში” ორი ქართველი მოხვდა და ორივე მათგანი 16 წლისაა. მეკარე ლუკა გუგეშაშვილზე უკვე გეცოდინებათ, ის თბილისის “დინამოდან” გადავიდა პოლონურ კლუბში. მას დაემატა კიდევ ერთი 16 წლის ფეხბურთელი: ცენტრალური მცველი ლუკა ასათიანი 35-ე საფეხბურთო სკოლიდან.
გუგეშაშვილიც და ასათიანიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობენ. იმ გუნდში, რომელმაც უნგრეთში წარმატებით გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი და ამ გაზაფხულზე ელიტრაუნდში გამოვა. ასათიანი ამ ნაკრების კაპიტანია.
“იაგელონიას” დირექტორი ცეზარ კულეშა ამბობს, რომ ქართველები სანამ უმაღლეს ლიგაში ფეხს შედგამენ, მანამდე სარეზერვოში მოუწვთ გამოსვლა:
“ორივენი ნიჭიერები, თუმცა ჯერ საკმაოდ ახალგაზრდები არიან. ნახევარი წელიწადი მაინც სჭირდებათ, სანამ ძირითად გუნდში ითამაშებენ”.
“იაგელონიაში” სხვადასხვა დროს თამაშობდნენ ნიკა ძალამიძე, გიორგი ფოფხაძე და მერაბ გიგაური. ძალამიძემ და ფოფხაძემ გასულ ზაფხულს დატოვეს ეს კლუბი.