ესპანეთის რანგის მე-3 ლიგა ლებ-სილვერში წარმატებულ თამაშს განაგრძობს ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი შოთა გელაზონია. 21 წლის ცენტრმა “ვალიადოლიდს” მე-13 ტურის მატჩში ულიდერა, რომელიც მისმა გუნდმა “ხეტაფეს” 74:65 მოუგო.
გელაზონია სასტარტო ხუთეულში იყო და 34 წუთში 17 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. შოთამ 10-დან 8 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ისიც ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში გელაზონიას 10 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მონაგარი კი 10.5 ქულა და 6.9 მოხსნაა.
“ვალიადოლიდს” 7 მარცხის წილ 6 მოგება მოუგროვდა და 14-გუნდიან ლიგაში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, რაც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.
ლებ-სილვერის რეგლამენტის თანახმად, ტურნირის გამარჯვებულ ლებ-გოლდში გადაბარგდება, სადაც ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” თამაშობს. აი, მეორე-მეცხრე ადგილოსნები კი ზედა ლიგის კიდევ ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ.