პსჟ-ს არგენტინელი ფორვარდის, ეზეკიელ ლავეცის აგენტმა სანდრო მაცონიმ დაადასტურა, რომ მისი კლიენტი იტალიაში დაბრუნების ვარიანტისკენ იხრება, სადაც მისით “ინტერი” და “იუვენტუსი” არიან დაინტერესებული.
30 წლის არგენტინელს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას აღარ აპირებს. სწორედ ამიტომ, მას კლუბის გამოცვლა მცირედი კომპენსაციის სანაცვლოდ ახლავე შეუძლია, ზაფხულში კი, მის მსურველს ცენტის გადახდაც არ მოუწევს.
“იტალია უპირატესი ვარიანტია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას სულაც არ ვჩქარობთ. დიდი კლუბების ინტერესი გასაგებია, როდესაც ლავეცის კალიბრის ფეხბურთელის უფასოდ დამატების შესაძლებლობა გაქვს. ჯერ არ ვიცით - “ინტერი” თუ “იუვენტუსი”, მაგრამ გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ” - გადმოგვცემს მაცონის სიტყვებს Football Italia.
ლავეცი იტალიაში 2007-2012 წლებში “ნაპოლიში” თამაშობდა, რის შემდეგაც პსჟ-ში გადავიდა. მიმდინარე სეზონში, ფრანგული გრანდის მაისურით ლიგა 1-ში ჩატარებულ 15 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა.