“მორაბანკ ანდორას” ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანურ ლიგაში საოცარი მატჩი ჩაატარა, დასანანი კი ის გახლდათ, რომ მისმა გუნდმა დრამატული ფინიშის მქონე ჯახში სტუმრად “ობრადოიროსთან” 103:104 წააგო.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:31 წუთში ანდორელთა მაისურით პირადსარეკორდო 29 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა.
სასიხარულოა ისიც, რომ შეტევაში გიორგის ჩინებული პროცენტული მაჩვენებლები ჰქონდა. მან 15-დან 12 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 34-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. “ობრადოიროს” გამარჯვებაში ლომის წილი პოლონელმა ადამ ვაჩინსკიმ დაიდო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო.
“მორაბანკ ანდორას” 7-7 მოგება-წაგება მოუგროვდა და 14 ტურის თავზე მე-6 ადგილზე იმყოფება. შერმადინის კლუბი მომდევნო მატჩს 10 იანვარს შინ, “ვალენსიას” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა თამაში მოგებული აქვს.