დუდა სანაძის „სან დიეგომ“ 33-ქულიანი მარცხი იწვნია. სანდიეგოელები კალიფორნიის ქალაქ მორაგაში „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტ „სენტ მერის“ შეხვდნენ და 46:79 განადგურდნენ.
„სენტ მერის“ უნივერსიტეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში გამართული 14 მატჩიდან 13 მოიგო, ახლახან დაწყებულ „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში კი 4-დან 4 გამარჯვებით ლიდერობს. ამ გუნდის მორიგი მსხვერპლი სანაძის გუნდი შეიქნა. გამარჯვებულებს დეინ პინიუმ ულიდერა, რომელმაც 18 წუთში 17 ქულა ჩააგდო.
სანაძე სანდიეგოელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. დუდამ 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე მთლიანობაში 11 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 პასი დაგროვდა. სანაძე ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. „სან დიეგოში“ 12 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო ბრეტ ბეილი გახდა.
10-გუნდიან „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში 2-დან 2 წაგებით “სან დიეგო“ ბოლოსწინა ადგილზეა. მის შემდეგ 3 წაგების მქონე „ლოიოლაა“. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 8 იანვარს, შინ „სან ფრანცისკოსთან“ გამართავს.
www.gbf.ge