სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

23:40 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ მე-4 შედეგი აჩვენა

ქართველმა მოჭადრაკე ლევან ფანცულაიამ (2598), რომელსაც არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ-აინში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე 24-ე განთესვა გააჩნდა, ჩინებული შედეგი აჩვენა. ფანცულაიამ 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზე გავიდა.

დასკვნით ტურში ლევანმა თეთრი ფიგურებით მე-11 განთესვის მქონე უკრაინელი დიდოსტატი იური კუზუბოვი (2640) დაამარცხა და კიდევ 8 მოჭადრაკესთან ერთად, მეორე-მეათე პოზიციები გაიყო.

დამატებითი მაჩვენებლებით, ქართველ მოჭადრაკეს მე-4 ადგილი ერგო, მე-2 ლატვიელი ალექსეი შიროვი (2676) იყო, მე-3 კი – სომეხი არმან პაშიკიანი (2606). ტურნირის ჩემპიონის ვინაობა ვადაზე ადრე გაირკვა. ჩინელმა ჰაო ვანგმა (2707) 8.0 ქულა მოაგროვა და პირველობა არავის დაუთმო.

ალ-აინში კიდევ 3 ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა. მე-9 ტურში მიხეილ მჭედლიშვილი შავებით სომეხ ზავენ ანდრიასიანს (2594) დაუზავდა და 6.0 ქულით მე-11 შედეგი აჩვენა.

4.5 ქულით დაასრულა ასპარეზობა შოთა აზალაძემ (2468), რომელმაც შავი ფიგურებით ინდოელ ბაბუ ლალიტს (2553) სძლია. რაც შეეხება ბაჩანა მორჩიაშვილს (2326), ის თეთრებით ბანგლადეშელ ენამულ ჰოსაინს (2450) დაუზავდა და 4.0 ქულით მე-80 საფეხურზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.125308