დორტმუნდის “ბორუსიას” ბელგიელი შემტევი ადნან იანუზაი იანვარში დიდი ალბათობით, ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდება. გამოცემა “დეილი ექსპრესის” ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელი გერმანიაში თავისი მოღვაწეობით უკმაყოფილოა და კლუბის ხელმძღვანელობას “ოლდ ტრაფორდზე” გაშვება თავად სთხოვა.
მოგეხსენებათ, იანუზაი “სიგნალ იდუნა პარკზე” გასულ ზაფხულს იჯარის წესით გადაბარგდა, თუმცა დორტმუნდში ფეხის მოკიდება დღემდე ვერ შეძლო და ბუნდესლიგაში ოდენ 6 თამაში ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.
სხვათა შორის, იმედისმომცემ ბელგიელს მიმდინარე სეზონში “მანჩესტერის” შემადგენლობაში ორჯერ აქვს ნათამაშები და “წითელმა ეშმაკებმა” 8 აგვისტოს ბირმინგემის “ასტონ ვილა” “ვილა პარკზე” სწორედ მისი ერთადერთი გოლის მეშვეობით დაამარცხეს.