16 წლის ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი იტალიის დედაქალაქ რომში გამართული ახალგაზრდული, 18-წლამდელთა ევროლიგის პირველი ეტაპის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის გამარჯვებული კიდევ ერთი 16 წლის ქართველის გოგა ბითაძის “მეგა ლეკსი” გახდა, რომელმაც მამუკელაშვილის “სტელაძურა რომს” 73:71 სძლია.
ბითაძე სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 15:08 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა. ტურნირის ოთხ მატჩში გოგას საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 15:10 წუთი, 7.8 ქულა, 4 მოხსნა და 0.8 დაფარება.
მამუკელაშვილი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა და საქართველოს (და არც ერთი ქვეყნის) ასაკობრივ ნაკრებებში არ უთამაშია, რომაელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 24:38 წუთში დაჰყო. საბოლოოდ, მისი მონაგარი 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი გახლდათ.
სანდრო ევროლიგის 4 მატჩში მოედანზე საშუალოდ 24:25 წუთს ატარებდა და 14.5 ქულას, 5.8 მოხსნას, 1.8 ჩაჭრას და 1.3 პასს აგროვებდა.
მამუკელაშვილთან ერთად ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ მილანის “არმანი ჯუნიორის“ წევრი ნემანია დინჩიჩი, “ვირტუსელი” ალესანდრო პაიოლა, “უნიკახელი” აბლაი სოუ და “მეგა ლეკსის” ერთ-ერთი ლიდერი ალეკსანდარ არატინოვიჩი, რომელმაც ფინალში 28 ქულა ჩააგდო.