ლეგენდარული ტიერი ანრის მოსაზრებით, რომელიც “სქაი სპორტზე” სპორტულ მიმომხილველად მუშაობს, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი თავის შეგირდებს არ იცნობს.
“ვან გაალი იცნობს თავის გუნდს? – ეს არაა “მანჩესტერ იუნაიტედი”. მარსიალს გოლები გაჰქონდა და მეორე დღეს მარცხენა ფლანგზე გადაიყვანა, ეშლი იანგი ჯერ მარცხნივ თამაშობდა, მერე მარჯვნივ, შემდეგ განაპირა მცველად და ბოლოს ისევ მარცხნივ...
როხო ფორმაში უნდა შესულიყო, როცა დაშავდა, იგივე მოხდა დელეი ბლინდის შემთხვევაში, რომელიც გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩემი აზრით, ვან გაალი თავის გუნდს არ იცნობს და ამ მხრივ ჯერ კიდევ სამუშაო აქვს”, - თქვა ანრიმ.
“მანჩესტერ იუნატიედი” მიმდინარე სეზონს ცუდად ატარებს – ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ბარიერი უკვე ვერ დაძლია, ხოლო ინგლისის პრემიერლიგაში 30 ქულით მე-6 ადგილზეა და უკვე მიჯრით 5 ტურია არ მოუგია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ვან გაალის შესაძლო გათავისუფლებაზე ყოველდღიურად იწერება.