ფეხბურთი

3:30 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი წრე ორხელისუფლებიანობით სრულდება

ინგლისის ჩემპიონატს პირველი წრის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი არ ჰყავს. მე-19 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ლესტერმა” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და უგოლო ფრე ეთამაშა. შესაბამისად, “მელიებმა” 39 ქულა დააგროვეს, “არსენალს” გაუთანაბრდნენ და თანალიდერები გახდნენ, ხოლო “სიტის” 36 ქულა აქვს და მე-3 პოზიციას იკავებს.

კლაუდიო რანიერიმ წინა მატჩებისგან განსხვავებული ტაქტიკა აირჩია და 4-4-2-ის ნაცვლად, 4-3-3 სქემით გაიყვანა გუნდი მინდორზე, რითაც აქცენტი ცენტრზე გააკეთა.

მანუელ პელეგრინიმ უფრო შემტევი ტაქტიკა აირჩია და ფერნანდოს ნაცვლად, რაჰიმ სტერლინგი დააყენა ძირითადში, რაც ნავარაუდები არ გახლდათ.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და დაახლოებით 30-ე წუთამდე რამდენიმე რეალური საგოლე შანსიც შეიქმნა კასპერ შმეიხელის კართან, თუმცა დანიელი მეკარე ძალიან კარგად თამაშობდა. სტუმართაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა რაჰიმ სტერლინგი, რომელიც ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიდა მასპინძელთა დაცვის ხაზს და არაერთხელ დაემუქრა მათ კარს, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა შმეიხელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

დაახლოებით 35-ე წუთისთვის “ლესტერმა” თამაში გაათაბრა, ხოლო ტაიმის ბოლო ათმა წუთმა მათი უპირატესობით ჩაიარა და ერთწუთიან მონაკვეთში ორი მშვენიერი შანსი ჰქონდათ გოლის გატანის. მე-40 წუთზე ოლბრაიტონმა ახლო მანძილიდან ააცილა, ხოლო ერთ წუთში ჯეიმი ვარდიმ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯო ჰარტის კარს ზემოდან გადააცილა.

მეორე ნახევარი გაცილებით მოსაწყენი და ნაკლები მომენტებით დახუნძლული გამოდგა, ვიდრე პირველი ტაიმი. გუნდები ძალიან ფრთხილად და გაუაზრებლად თამაშობდნენ, რაც ალბათ იმით იყო გამოწვეული, რომ ქულა ორივე მხარეს აკმაყოფილებდა. თუმცა, აღსანიშნავია, კლაუდიო რანიერის გადაწყვეტილება, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ “ლესტერი” ქულაზე არ თამაშობდა და მოგება სურდა. საუბარია, 64-ე წუთზე გაკეთებულ ცვლილებაზე, როდესაც ცენტრალური ნახევარმცველის გიოკხან ინლერის ნაცვლად, მოედანზე ფორვარდი ლეონარდო ულოა გამოვიდა. მართალია, ულოას შემოსვლამ ბევრი ვერაფერი შეცვალა თამაშში, თუმცა რანიერის გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია.

სტუმრებმა მეორე ტაიმში ორი კარგი მომენტი შექმნეს. ნიკოლას ოტამენდი კუთხური შემდეგ თავური დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ შმეიხელმა აჯობა, ხოლო მეორე ეპიზოდში შეცვლაზე შემოსული ვილფრიდ ბონის დარტყმულს მორგანი გადაეფარა და საკუთარი გუნდი დიდი უსიამოვნებისგან იხსნა. მასპინძელთაგან ყველაზე რეალური შანსი კრისტიან ფუჩსს ჰქონდა, რომლის შორეულ დარტყმასაც ჯო ჰარტი გაუმკლავდა – 0:0.

ინგლისის ჩემპიონატში 2015 წლის უკანასკნელი შეხვედრა დღეს “ლაით ოფ სთედიუმზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “სანდერლენდი” “ლივერპულს” დაუპირისპირდება.

ლესტერი – მანჩესტერ სიტი 0:0

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-3-3): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, დრინკვოთერი (კინგი 80), კანტე, ინლერი (ულოა 67), ოლბრაიტონი (დე ლაეტი 93), მაჰრეზი, ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, ოტამენდი, სანია, კოლაროვი, ფერნანდინიო, ტურე, სილვა (ნავასი 74), დე ბრუინი, სტერლინგი (აიჰენაჩო 89), აგუერო (ბონი 64).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გაფრთხილებები: ოლბრაიტონი – კოლაროვი, მანგალა, დე ბრუინი
მსაჯი:
კრეიგ პაუსონი

0.165743