სხვა

16:03 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, რომელიც 2016 წლის იანვარში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, თურქეთში ოთხთა ტურნირში ჩაერთო და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

სტამბოლში მიმდინარე იბრაჰიმ სულუს მემორიალის საწყის შეხვედრაში ქართველი წყალბურთელები მასპინძელ თურქეთს გაეჯიბრნენ და 14:10 იმარჯვეს. დღის მე-2 შეხვედრაში ჰოლანდიამ რუმინეთს, რომელიც მომავალ ევროპირველობაზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, 12:6 მოუგო.

დღეს, იოვან პოპოვიჩის შეგირდები სწორედ რუმინეთს ეთამაშებიან, 30 დეკემბერს კი ძალებს ჰოლანდიასთან მოსინჯავენ.

ამ ტურნირის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ დაბრუნდება, 3 იანვრიდან კი გეზს ამსტერდამისკენ აიღებს და ჰოლანდიელებთან მორიგ ტესტ-მატჩებს ჩაატარებენ.

ქართველი წყალბურთელები 6 იანვარს ნოვი-სადში ჩავლენ, 8-ში კი უკვე ბელგრადში იქნებიან, სადაც 10 იანვრიდან ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები რუმინეთი, გერმანია და იტალია იქნებიან.

0.342755