როგორც უკვე გაუწყეთ, დღეს დილით ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიქსმა” ქართველი ცენტრის ყოფილ კლუბ “მილუოკი ბაქსს” 103:93 სძლია, რაშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დიდი წვლილი შეიტანა.
ფაჩულიას, რომელიც ტეხასურ კლუბში ივლისში გადაბარგდა, პირველ ტაიმში უკვე 13 ქულა ჰქონდა, საბოლოოდ კი, თამაში 17 ქულით, 8 მოხსნით, 2 პასით და 2 ჩაჭრით დაასრულა და თანაც ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს.
ის, რომ “დალასმა” განსაკუთრებულად აკურატულად ითამაშა, შეუმჩნეველი არც ESPN-ს დარჩენია. “მავერიქსმა” მატჩის განმავლობაში მხოლოდ 4 შეცდომა დაუშვა, როდესაც მილუოკელებს 17 დაკარგვა მოუგროვდათ.
“მიმდინარე სეზონში “ბაქსი” მეტოქეთა შეცდომების შემდეგ საშუალოდ 19.3 ქულას აგროვებდა და ეს, მთელს ლიგაში მე-3 მაჩვენებელი გახლდათ, დალასში კი, მათ ხელ-ფეხი შებოჭილი ჰქონდათ. “მავერიქსი” ბურთს ძალიან უფრთხილდებოდა, რაშიც მათ ზაზა ფაჩულიას ცოდნაც ეხმარებოდა. მან ხომ გასული 2 სეზონი სწორედ “ბაქსში” გაატარა და ყოფილ თანაგუნდელთა ხრიკების გაშიფვრა არ გასჭირვებია”.
იქვე ESPN-ს ქართველი ცენტრის კომენტარიც მოჰყავს. “მათი დაცვის გაწელვა იოლი საქმე არაა, თუმცა, შესაძლებელია. როდესაც ბურთს კარგად ვათამაშებდით, ხარისხიანი სროლების განხორციელების საშუალება გვეძლეოდა. ამან სასურველი შედეგი მოგვიტანა”.
ცნობისთვის, ფაჩულიამ 17 ქულა ზედიზედ მეორედ ჩააგდო, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში მისი საშუალო მონაგარი კი 10.5 ქულა, 10.4 მოხსნა, 1.8 პასი, 0.9 ჩაჭრა და 0.4 დაფარებაა.
ზედიზედ მოპოვებული 3 გამარჯვების წყალობით, “დალას მავერიქსმა” 18 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.
31 დეკემბრის დილას ზაზას გუნდს პრინციპული დაპირისპირება ელის. დალასურ “ემერიქან ეარლაინს არენას” მიმდინარე სეზონის საუკეთესო გუნდი “გოლდენ სტეიტ უორიორსი” ესტუმრება, რომელსაც 30-დან 29 თამაში აქვს მოგებული.