კალათბურთი

1:46 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქართველი ტალანტი ევროლიგის ფინალში
მამუკელაშვილი – 18 ქულა 12 წუთში, ბითაძე – 19 ქულა 17 წუთში

იტალიის დედაქალაქ რომში დასასრულს მიუახლოვდა ახალგაზრდული (18 წლამდე) ევროლიგის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირი, რომლის ფინალშიც ორი 16 წლის ქართველი კალათბურთელი ითამაშებს. გადამწყვეტ მატჩში სანდრო მამუკელაშვილის (სიმაღლე 2.06 მ.) “სტელაძურა რომი” გოგა ბითაძის (2.09 მ.) “მეგა ლეკსს” გაეჯიბრება.

ყველაფერზე თანმიმდევრულად ვთქვათ. მამუკელაშვილის გუნდი A ჯგუფში მოხვდა და რუსული ცსკა-ს (68:62), იტალიური “ვირტუს ბოლონიას” (67:62) და თურქული “ანადოლუ ეფესის” (72:54) ძლევის ხარჯზე პირველი ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ჯგუფური ეტაპის მატჩებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მოსკოველთან შეხვედრაში ის მოედანზე 26:25 წუთი გამოჩნდა და 12 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

“ვირტუსთან” მატჩში სანდრო უკვე სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ და 34:19 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 3 ორქულიანი ზუსტად სტყორცნა და სამქულიანებშიც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

მამუკელაშვილი კიდევ უფრო უკეთ გაისარჯა “ანადოლუ ეფესთან” შეხვედრაში, რომელშიც 18 ქულის, 3 მოხსნის, 2 პასის და 3 ჩაჭრის მოსაგროვებლად 12:19 წუთი (!) ეყო. სანდრომ 4-ვე ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

რაც შეეხება ბითაძის “მეგა ლეკსს”, ეს გუნდი B ჯგუფში მოხვდა და ჭიდილი იტალიურ “არმანი ჯუნიორ მილანთან” და “უმანა რეიერ ვენეციასთან” და ესპანურ “უნიკახა მალაგასთან” მოუწია.

პირველ შეხვედრაში “მეგა ლეკსი” მილანელებს გაეჯიბრა და 74:80 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 13:50 წუთი დაჰყო და 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა, რომელსაც ცენტრის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

გოგა გაცილებით შედეგიანი იყო მე-2 მატჩში, რომელშიც სერბულმა კლუბმა “უმანა რეიერ ვენეციას” 77:67 სძლია. ბითაძემ 16:42 წუთში 19 ქულა და 6 მოხსნა (4 შეტევაში) მოაგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტის (17) მიხედვით, მხოლოდ თანაგუნდელ მარკო პეკარსკის (11 ქულა, 13 მოხსნა) ჩამორჩა. გოგამ 10-დან 8 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაუფარეს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში “მეგა ლეკსმა” “უნიკახა” 87:44 გაანადგურა, არადა, მალაგელებს მანამდე ორივე მატჩი მოგებული ჰქონდათ. ბითაძე ამჯერად უკვე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 14:54 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 7-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

2 მოგებით და 1 მარცხით, ბელგრადულმა კლუბმა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.127198