საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ბელგიაში მიმდინარე საშობაო წარმომადგენლობით ტურნირზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა საწყის შეხვედრაში ესპანურ კლუბ „კანარიას“ 72:66 სძლია, შემდეგ იტალიური „რომა“ 83:63 გაანადგურა, დღეს კი მასპინძელ, ბელგიელ თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდა და კვლავ გამარჯვებული გამოვიდა.
ბელგიურ ტურნირზე ყველაზე რთული მატჩი ქართველებმა დღეს ჩაატარეს. ბელგიის ნაკრები საკმაოდ ძლიერია, მით უფრო, შინაურ კედლებში თამაშობდა და საქართველოს ნაკრების დამარცხების ამბიციაც გააჩნდა.
კაზანჯიანის გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა მასპინძლებთან დაპირისპირება, ბოლო პერიოდში ღირსეულად იბრძოლა და 74:70 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
კოკა-კოლას საშობაო ტურნირი. კორტრიკი. ბელგია. 28 დეკემბერი
ბელგია (U-18) – საქართველო (U-18) 70:74 (19:27, 15:16, 19:11, 17:20)
საქართველო: ცირიკიძე (18), აკობია (13), ბულაშვილი (11),ლოლიშვილი (9), თვალაბეიშვილი (8), გვიანიძე (7).
www.gbf.ge