ქართველი მოჭადრაკეები მიხეილ მჭედლიშვილი (2635) და ლევან ფანცულაია (2598) არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ-აინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 6 ტურის თავზე, მოწინავე ათეულში ადგილს ინარჩუნებენ.
გასულ ტურში მჭედლიშვილი თეთრი ფიგურებით ფრანგ ფრანგ ფაბიენ ლიბიშევსკის (2515) დაუზავდა, ხოლო ფანცულაიამ შავებით ყაიმი სომეხ არმან პაშიკიანთან (2606) გააფორმა. შედეგად, ქართველებს 4.5-4.5 ქულა მოუგროვდათ, დამატებითი მაჩვენებლებით კი მჭედლიშვილი მეხუთეა, ფანცულაია კი – მეცხრე.
მე-6 ტურშივე ბაჩანა მორჩიაშვილმა (2326) შავი ფიგურებით ეგვიპტელი შროოკ ვაფა (2115) დაამარცხა და 3.0 ქულით 63-ე პოზიციას უწია. ასეთივე მონაგარით 68-ე ადგილზე იმყოფება შოთა აზალაძე, რომელიც თეთრებით ინდოელ ბელურკარ ნიტიშს (2304) დაუზავდა.
ალ-აინის ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ჩინელი ჰაო ვანგია (2707), რომლის აქტივშიც 5.5 ქულაა. მას 0.5 ქულით ჩამორჩება ლატვიელი ალექსეი შიროვი (2676). საინტერესოა, რომ მე-7 ტურში ვანგი მჭედლიშვილის ეთამაშება, შიროვი კი – ფანცულაიას, ამდენად, ქართველ მოჭადრაკეებს რთული პარტიები ელით.