კალათბურთი

13:23 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა იტალიური “რომა” გაანადგურა

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ბელგიის ქალაქ კორტრიკში მიმდინარე კოკა-კოლას საშობაო ტურნირში მეორე გამარჯვება მოიპოვა. თუკი პირველ შეხვედრაში გია კაზანჯიანის გაწვრთნილ გუნდს ესპანური „კანარიასის“ დასამარცხებლად ჯაფა დააგდა, იტალიურ „რომას“ იოლად – 83:63 სძლია.

კალენდრით გუნდებმა ტურნირის პირველ დღეს 2 მატჩი გამართეს. საქართველოს ნაკრებისა და „რომას“ შეხვედრა თბილისის დროით გვიან ღამით, 23:00 საათზე დაიწყო. ქართველებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს დამაჯერებელი ლიდერობა (26:15), თუმცა 1 წლით უფროსი - 19 წლის კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა იტალიურმა გუნდმა მეორე პერიოდში მოინდომა და ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.

მეორე ტაიმში ლუკა ბულაშვილის, გიორგი თვალაბეიშვილის, გიორგი ცირიკიძისა და ზოგადად, ქართველების გუნდური თამაშის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა ლიდერობა გაიმყარა და საბოლოოდ 20-ქულიან გამარჯვებამდე მივიდა.

დღეს, თბილისის დროით 16:30 საათზე საქართველოს ნაკრები ბელგიის 18-წლამდელთა ნაკრებს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, რაც ფინალში ასპარეზობის გარანტი იქნება.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ქართველი ემიგრანტების აქტიური მხარდაჭერა, რომლებიც პირველი მატჩისგან განსხვავებით, "რომასთან" შეხვედრაში უფრო მეტნი იყვნენ. როგორც ჩვენი გუნდის მენეჯერი გიორგი ბუცხრიკიძე ბელგიიდან იტყობინება, ქართველმა, რომ იტყვიან, დარბაზი შეაძახილებთა და მხურვალე ქომაგობით დაანგრიეს, რითაც ბიჭებს დიდად დაეხმარნენ.

ქართველებს გულშემატკივართა მხარდაჭრა მომავალ მატჩში უფრო დასჭირდებათ, რადგან მეტოქე მასპინძელი ბელგიის 18-წლამდელთა ნაკრები იქნება.

კოკა-კოლას საშობაო ტურნირი. კორტრიკი. ბელგია. 27 დეკემბერი

რომა (U-19) – საქართველო (U-18) 63:83 (15:26, 21:18, 16:20, 11:19)

საქართველო: თვალაბეიშვილი (18), ბულაშვილი (17), ცირიკიძე (12), აკობია (12), ლოლიშვილი (7), კორსანტია (5), ქავთარაძე (5), ლეონიძე (3), გვიანიძე (2), ცხოვრებოვი (2).

www.gbf.ge

0.120438