თორნიკე შენგელიას დიდებული თამაშის წყალობით, “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატში მე-10 გამარჯვება გაიფორმა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი შეინარჩუნა.
ბასკურმა კლუბმა მადრიდულ “ფუენლაბრადას” 101:79 სძლია, ქართველი კალათბურთელი კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.
შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 30:13 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. თოკომ 11-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
ქართველის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 29-ს უწია, რითაც იგი მხოლოდ ბერძენ ცენტრ იოანის ბურუსისს (33) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 20:36 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა და თანაც, მეტოქეები მასზე ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ლაბორალ კუჩამ” 10 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და მხოლოდ “ვალენსიას”, “რეალსა” და “ბარსელონას” ჩამორჩება.
შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს უკვე მომავალ წელს ჩაატარებს. 3 იანვარს ბასკები ჩემპიონატის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში მადრიდის “რეალს” დაუხვდებიან.