იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კარლო ტავეკიოს განცხადებით, იგი დარწმუნებულია ანტონიო კონტე “სკუადრა აძურას” მთავარ მწვრთნელად ევრო 2016-ის შემდეგაც დარჩება.
კონტეს იტალიის ნაკრებთან კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეწურება და ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტია, დარჩეს თუ არა გუნდის დამრიგებლად.
“დარწმუნებული ვარ კონტრაქტს განაახლებს, იგი ჩემთვის შვილივითაა. თუ წასვლას გადაწყვეტს, ჩვენ მისი შემცვლელის მოძებნა მოგვიწევს. ის ფაქტი რომ ინგლისურს სწავლობს რამდენიმე წლის განმავლობაში ცუდი არაა. დღესდღეისობით, ამ ენის ცოდნა დამატებითი პლუსია.” – განაცხადა ტავეკიომ Rai Sport-თან საუბრისას.
კონტემ იტალიის ნაკრები 2014 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ “სკუადრა აძურამ” 16 თამაში გამართა, აქედან 9 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, ხოლო 2 შეხვედრაში მარცხი განიცადა. ანტონიოს შეგირდებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წაუგებლად ჩაატარა.