ბლოგი

12:01 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიზალიბერალიზებული ახალი წელი

ისტორიული ეპოქის მომსწრენი ვხდებით. აგერ, ჩვენს თვალწინ ხდება ის, რაზეც საქართველოში მთელი თაობები ოცნებობდნენ. ევროპისაკენ მართალია ნელი და ზანტი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ და ამ წინასაახალწლო განწყობაში ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის დაწყება ყველაზე კარგი საჩუქარია, რაც “სანტა კლაუსს” შეიძლება მოეტანა. თუმცა მხოლოდ სიხარულითა და ცეკვა-თამაშით არაფერი გამოსულა და არც ახლა გამოვა.

ძალიან კარგად მახსოვს ასე, 20 წლის წინ, როგორი პირდაღებული ვუსმენდი ესპანეთიდან ჩამოსულ კაცს, რომელიც მხატვრულად ყვებოდა იქაურ სტადიონებზე გადახდენილ თავგადასავლებს და ესპანური ფეხბურთის წინწასულობასა და გამორჩეულობას სწორედ იმ კუთხით უსვამდა ხაზს, რომ ესპანეთი ევროპა იყო, ჩვენ კი ჯერაც შეუმდგარი უბედური, ომგამოვლილი ქვეყანა, რომელსაც მომავალი მაშინდელი გადასახელიდან არ გააჩნდა.

მახსოვს მაშინ და შემდეგ წლების მანძილზე მრავალ ადგილზე მოსმენილი ეს სიტყვები: “ეჰ, ჩვენ როდის მივალთ ევროპამდე? სად ჩვენ და სად ისინი?” მესმოდა და ძალიან მტკიოდა გული პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ვუყურებდი იმედდაკარგულ და ყველაფერზე ხელჩაქნეულ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც თავიდანვე ასწავლიდნენ, რომ არასრულფასოვანი ადამიანები იყვნენ და აბა ისინი რას მოვიდოდნენ ევროპელებთან?...

არადა, ადამიანები ყველგან ადამიანები არიან და მწვანე მინდორზე გამოსვლის წინ, “ბარსელონას” მაისურიც 11 ადამიანს აცვია და მარტვილის “მერანის” მაისურიც. შეიძლება ბევრმა გამაქილიკოს იმის გამო, რომ კატალონიური ვერზილა კლუბი და მარტვილის ციცქნა “მერანი” ერთად მოვიხსენიე, მაგრამ გაქილიკება ჩვენში აბა ვის უკვირს და მეც რაიმენარიად ავიტან ამას. მით უმეტეს კვლავ მჯერა, რომ ადამიანები მსოფლიოს ყველა წერტილში ერთნაირად ნიჭიერები, მრავლისშემძლენი და მონდომებულნი ვართ, უბრალოდ ზოგს აქვს წინსვლის საშუალება და ზოგს არა. და კიდევ – ზოგს უნდა ეს წინსვლა და ზოგს არა. მთავარი კი სწორედ მონდომებაა, რაც ახლა ასე ძალიან გვჭირდება.

მოდომებული და მოწადინებულია ჩვენი მტერიც. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინმა რაკი გაიგო, ამ ახალი წლების წინ, საქართველოს და უკრაინას ვიზალიბერალიზაცია ეღირსებათო, მოაწყო პრესკონფერენცია, ჟურნალისტებს ქართული ხაჭაპურით (ჰოი საკვირველებავ!) გაუმასპინძლდა და განაცხადა, რომ რუსეთიც უვიზო რეჟიმს გამოაცხადებს ჩვენთან და საერთოდ – რუსეთი სულაც არაა ჩვენი მტერი და აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში პრობლემების მოგვარება მხოლოდ ჩვენზე და იქაურ ადამიანებზეა დამოკიდებული. ჩვენში სამწუხაროდ არცთუ ცოტანი არიან ისეთები, ვინც პუტინის ეს აბსურდი და თავხედური სისულელები დაიჯერა, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ამჯერად მაინც შევძლებთ სიტუაციის სწორად შეფასებას და მემილიონედ აღარ შევალთ იმ აშმორებულ მდინარეში, რომელსაც სახელად რუსეთი და რუსეთთან “ძმობა” ჰქვია.

ევროპასთან მიახლოვება საახალწლო განწყობას რომ აგვიმაღლებს - ეს დასაწყისშიც ვთქვი და ახლადც გავიმეორებ. იმედია, ეს განწყობა მთელი წლის მანძილზე გაგვყვება და ახალ, 2016 წელს კიდევ ბევრ სასიხარულო ამბავს გავიგებთ, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება.

სწორედ ამ იმედებით გილოცავთ ახალ წელს და ყველას გისურვბებთ ევროპისკენ გაჭრილი ფანჯარა ყველა ჩვენთაგანის, ჩვენი ოჯახებისა და პირველ ყოვლისა ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარი ყოფილიყოს! გილოცავთ!

0.150545