“ბრიტანია სთედიუმზე” დღეს ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი აიღებს სტარტს. საუბარია ე.წ. Boxing day-ზე, რომელიც შობა-ახალიწლის პერიოდში მიყოლებით ჩატარებულ რამდენიმე ტურს გულისხმობს.
მე-18 ტურის ათივე შეხვედრა დღეს გაიმართება, რადგან ორ დღეში უკვე ახალი ტური დაიწყება.
16:45 სტოკი – მანჩესტერ იუნაიტედი
დღევანდელი შეხვედრა შესაძლოა საბედისწერო გამოდგეს ლუის ვან გაალისთვის, რომელსაც ბოლო პერიოდში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ სავარძელი ძალიან შეერყა. იმ შემთხვევაში, თუ “იუნაიტედი” 3 ქულას ვერ მოიპოვებს, დიდი შანსია, ჰოლანდიელ სპეციალისტს კარისკენ მიუთითონ.
“წითელ ეშმაკებს” იმ სტადიონზე მოუწევთ თამაში, რომელიც გრანდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად ასაღებია და საუკეთესო ფორმაში მყოფ კლუბებსაც არაფერი აქვთ გარანტირებული. “მანჩესტერი” კი, საშინლად გამოიყურება, პრემიერლიგაში უკვე ოთხი მატჩია არ მოუგია და ჩემპიონთა ლიგის ზონიდანაც ამოვარდა (თუმცა, “ტოტენჰემის” ოდენობის ქულების აქვს).
“ოლდ ტრაფორდის” ბინადრებს ურთულესი მატჩი ელით და თამაში კვლავ სერიოზული დანაკლისით მოუწევთ. ლინგარდი, როხო, დარმიანი, შოუ და ვალენსია ტრავმირებულნი არიან, ხოლო შვაინშტაიგერი დისკვალიფიცირებულია.
მიმდინარე სეზონში “სტოკს” ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა მაინც არასტაბილურად გამოიყურება და შესაბამისად, ცხრილის შუაშია გაჩხერილი. “დურგლები” დღევანდელ მეტოქეს 6 ქულით ჩამორჩებიან და გამარჯვების შემთხვევაში, ევროზონას მიუახლოვდებიან.
მასპინძლებს ტრავმების გამო აირლანდი, კამერონი, მუნიესა, გივენი და კრაუჩი დააკლდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი, გ.ჯონსონი, ვან გინკელი, ველანი, შაქირი, არნაუტოვიჩი, აფელაი, კრკიჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ბლინდი, იანგი, კერიკი, ფელაინი, მატა, რუნი, დეპაი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
მსაჯი:კევინ ფრენდი
19:00 ლივერპული – ლესტერი
ტურის ცენტრალური შეხვედრა “ენფილდ როუდზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “ლივერპული” გათამაშების სენსაციურ ლიდერს ”ლესტერს” უმასპინძლებს.
იურგენ კლოპის დანიშვნის შემდეგ “ლივერპულმა” რამდენიმე ბრწყინვალე მატჩი აჩვენა და გულშემატკივრებს წარმატების იმედი ჩაუსახა, თუმცა ბოლო მატჩებმა დაგვანახა, რომ გერმანელ სპეციალისტს უამრავი სამუშაო აქვს და მიმდინარე სეზონში კარგი შედეგების მიღწევა მერსისაიდელებს ძალიან გაუჭირდებათ. “წითლებმა” ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ქულა მოიპოვეს (“უოტფორდთან”, “ვესტ ბრომვიჩთან” და “ნიუკასლთან”) და მე-9 პოზიციამდე დაქვეითდნენ, თუმცა მე-4 ადგილოსან “ტოტენჰემს” მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან.
მერსისაიდელებს როსიტერი, შკრტელი, ფლანაგანი, მილნერი, გომესი, ინგსი და სტარიჯი არ ჰყავთ მწყობრში.
“ლესტერის” ჩავარდნას სკეპტიკოსები ყოველ ტურში ელიან, თუმცა ჯერჯერობით კლაუდიო რანიერის კრებული ჩინებულად გამოიყურება და 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, საიდანაც 8 მოიგო. “მელიები” გათამაშებას 38 ქულით ლიდერობენ და “არსენალს” 2 ქულით უსწრებენ. მთავარ დუეტს (მაჰრეზისა და ვარდის) კი, ჯამში უკვე 28 გოლი აქვთ გატანილი.
“მელიებს” დრინკვოთერი, ჯეიმსი, შლუპი და დე ლაეტი ჰყავთ ტრავმირებულნი.
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი, სახო, მორენო, კლაინი, ჩანი, ლეივა, ჰენდერსონი, ლალანა, კოუტინიო, ბენტეკე.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუჩსი, კინგი, კანტე, ოლბრაიტონი, მაჰრეზი, ოკაზაკი, ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
მსაჯი:მარტინ ატკინსონი
23:45 საუთჰემპტონი – არსენალი
ტურის დასკვნითი შეხვედრა “სენტ მერი სთედიუმზე” შედგება, სადაც ძალიან საინტერესო ჯახი გველის. “საუთჰემპტონი” ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდება, რომელმაც “სიტის” დამარცხებით “ლესტერთან” სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა და ხმამაღალი განაცხადი გააკეთა ჩემპიონობაზე.
“მეთოფეები” ბევრი ტრავმირებულის ფონზე მშვენივრად გამოიყურებიან და ზედიზედ სამი მატჩი აქვთ მოგებული. ლონდონელებს არტეტა, როსიცკი, უელბეკი, სანჩესი, უილშირი, კოკლენი და კასორლა არ ეყოლებათ.
მეტოქისგან საპირისპიროდ, ძალიან ცუდ ფორმაშია “საუთჰემპტონი”, რომელმაც ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო (ფრე ბოლო ადგილოსან “ასტონ ვილასთან” ითამაშა შინ) და მე-12 ადგილამდე დაქვეითდა. “წმინდანებს” დღეს ფორსტერი, გარდოში და როდრიგესი ვერ დაეხმარებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
საუთჰემპტონი (4-2-3-1):გაცანიგა, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი, სოარეში, კლასი, ვანიამა, ს.დევისი, მანე, ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, რემსი, ფლამინი, ოზილი, უოლკოტი, კემპბელი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ლიდერთა დუეტს ჩამორჩენილი “მანჩესტერ სიტი” შინ ერთ-ერთ აუტსაიდერს “სანდერლენდს” დაუპირისპირდება და ეცდება, რომ გულშემატკივრები ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ, რაც შეიძლება კარგი თამაშით ასიამოვნოს.
“ჩელსის” რიგებში ხელმეორე დებიუტი ექნება გუს გიდინკს, რომლის ახალი შეგირდებიც “სტემფორდ ბრიჯზე” შესანიშნავ ფორმაში მყოფ “უოტფორდს” მიიღებენ. “არისტოკრატები” ოდიონ იგალოს უნდა უფრთხილდნენ, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში 12 ბურთი აქვს გატანილი.
მე-4 ადგილოსანი “ტოტენჰემი” საკუთარ კედლებში “ნორვიჩს” ეთამაშება, ხოლო კიდევ ერთი საინტერესო ჯახი “სენტ ჯეიმს პარკზე” გაიამართება, სადაც ადგილობრივი “ნიუკასლი” “ევერტონს” დაუპირისპირდება.
ტურის განრიგი:
16:45 სტოკი – იუნაიტედი
19:00 ლივერპული – ლესტერი
19:00 ჩელსი – უოტფორდი
19:00 ბორნმუთი – კრისტალ პალასი
19:00 სუონსი – ვესტ ბრომვიჩი
19:00 სიტი – სანდერლენდი
19:00 ტოტენჰემი - ნორვიჩი
19:00 ასტონ ვილა – ვესტ ჰემი
21:30 ნიუკასლი – ევერტონი
23:45 საუთჰემპტონი - არსენლი