სხვა

22:55 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
რუსული რეკორდები დოპინგში ჩაიკარგა

“ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია. უდიდესი წარმატება ძალოსნობისა და მთლიანად ქართული სპორტისათვის”, - ეს სასიხარულო განცხადება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე გაჩნდა, რაც იმის დასტურია, რომ ქართველი ძალოსანი წლეულს ჰიუსტონში გამართული მსოფლიო პირველობის გამარჯვებულად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა ქალაქმა ჩემპიონატს ნოემბრის მე-2 ნახევარში უმასპინძლა და მაშინ ტალახაძემ დიდ წარმატებას მიაღწია. 22 წლის ქართველმა გოლიათმა +105 კგ. წონით^კატეგორიაში ჯამში 454 კგ. (ატაცი 207+აკვრა 247) მოაგროვა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მაშინ გამარჯვება და საყოველთაო აღიარება რუს ალეკსეი ლოვჩევს ერგო, რომელმაც ფანტასტიური 475 კგ. (ატაცი 211+აკვრა 264) დასძლია და ოქროს მედალი მსოფლიოს რეკორდით მოიგო.

მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ რუსმა საოცარ შედეგს არცთუ კეთილსინდისიერი გზით მიაღწია. ცხადია, საუბარი დოპინგზე გახლდათ, რომელიც ძალოსნებისთვის უცხო ნამდვილად არაა და თავის დროზე, მის გამო პრობლემები ტალახაძესაც ჰქონდა.

და აი, დღეს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე გაჩნდა ცნობა, რომლის თანახმადაც ლოვჩევის დოპინგ-სინჯმა დადებითი პასუხი მოიტანა. ალეკსეის სისხლში აკრძალული პრეპარატი იპამორელინი აღმოჩნდა, რის გამოც მას ნებისმიერი რანგის შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აეკრძალა.

“მინდა ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცო. არავის ცუდი არ მიხარია, თუმცა, ჩემი ლაშას ჩემპიონობა ნამდვილად მახარებს. ლოვჩევის ტესტმა დადებითი აჩვენა”, - ასე გამოეხმაურა აღნიშნულ სიახლეს საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მწვრთნელი გიორგი ასანიძე, რომელიც ქართველთაგან ბოლო მსოფლიოს ჩემპიონი იყო. მან ამ დიდ წარმატებას 2001 წელს მიაღწია...

საინტერესოა, რომ ჰიუსტონური ჩემპიონატი ამ მხრივ განსაკუთრებით “ბინძური” აღმოჩნდა და სინჯების შედეგად, დოპინგი ერთბაშად 16 (!) სპორტსმენს აღმოუჩინეს. აკრძალული პრეპარატების მიღება, ლოვჩევის გარდა, კიდევ – სამ რუს, ორ – ჩინელ, ორ – მოლდოველ, სამ – ყაზახ, ორ – ბელარუს, ორ – აზერბაიჯანელ და ერთ ბერძენ ძალოსანს დაუმტკიცდა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ რუსულმა მხარემ დანაშაულის უარყოფა სცადა. თავად ლოვჩევმა ყველაფერი პოლიტიკურ თამაშებს დააბრალა და აღნიშნა, რომ მისთვის საბედისწერო ვერდიქტი ”რუსული სპორტის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების” გამოძახილი იყო. მსგავსი გახლდათ რუსეთის ძალოსნობის ფედერაციის თავკაც სერგეი სირცოვის კომანტარებიც.

რუსებმა ფირფიტა მხოლოდ საღამოსკენ გადაატრიალეს. ქვეყნის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ აქცენტი რუსეთის ძალოსნობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე გააკეთა და არც სირცოვის განთავისუფლება გამორიცხა.

“ეს დიდი იმედგაცრუებაა. ლოვჩევთან დაკავშირებით გარკვეული იმედები კიდევ გვაქვს, რადგანაც ალეკსეის ტრავმა აწუხებდა და მის მიერ მიღებული პრეპარატი დეკლარირებული იყო. აი, დანარჩენებთან დაკავშირებით კი, საქმე საოცარ უპასუხისმგებლობასთან გვაქვს. თუკი ამ სიტუაციას თავი ვერ დავაღწიეთ, ვფიქრობ, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების მწვრთნელებმა თანამდებობები უნდა დატოვონ”.

0.11381