ჭადრაკი

15:21 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიგალიძე სამწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) ეთიკის კომისიის გადაწვეტილებით, საქართველოს ორგზის ჩემპიონ გაიოზ ნიგალიძეს სამწლიანი დისკვალიფიკაცია მიეცა და დიდოსტატის წოდებაც ჩაემორთვა.

შეგახსენებთ, რომ ნიგალიძეს არასასიამოვნო ინციდენტი მიმდინარე წლის აპრილში შეემთხვა. დუბაის ტურნირზე გაიოზი სომეხ ტიგრან პეტროსიანს ეთამაშებოდა, როდესაც ტელეფონის საშუალებით რჩევების მიღებაში ამხილეს და შეჯიბრს ჩამოაშორეს.

ამ ინციდენტის შემდეგ, გაიოზს არცერთ ტურნირზე არ უთამაშია, მოგვიანებით კი, ქართველმა პეტროსიანს ღია წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო: “მიიღეთ ჩემი გულწრფელი ბოდიში იმ ინციდენტის გამო, რომელიც დუბაიში გამართული ჩვენი პარტიის დროს მოხდა. ვწუხვარ იმ არაადეკვატური რეაქციის გამოც, რომელიც მაშინ თქვენს მიმართ გამოვხატე”.

აღსანიშნავია, რომ პეტროსიანი ქართველ მოჭადრაკეს მალევე გამოეხმაურა და თემა დახურულად გამოაცხადა: “გაიოზ, შენს ბოდიშს ვიღებ, რადგანაც ნებისმიერი შეიძლება შეცდეს. ვთვლი, რომ ადამიანს კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს, ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი, ის თავის დანაშაულს ხედავს. ამასთან, ჭადრაკში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, არსებობს წესები, რომელთაც არ უნდა გადაუხვიო. იმასაც არ დავმალავ, რომ შენს დისკვალიფიკაციას მხარს ვუჭერ”.

ახლა კი, კონკრეტუტული გადაწყვეტილების მიღების დროც დადგა. “დანაშაულის აღიარების და გააზრების გამო, კომისია ნიგალიძის უფრო მკაცრად დასჯას მოერიდა. მას საერთაშორისო ოსტატის წოდებაც შეუნარჩუნდება”, - ნათქვამია ფიდე-ს განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ 2018 წლის 5 სექტემბრამდე ქართველი მოჭადრაკე ვერცერთ ტურნირში ვერ ითამაშებს, ვერ იმსაჯებს და საერთოდაც, საჭადრაკო ფედერაციის ორგანიზაციის სახელით ვერცერთ ღონისძიებას ვერ დაესწრება.

0.123065