ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში გუნდის ორ ლიდერთან, ალექსის სანჩესთან და მესუთ იოზილთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
The Times-ის ცნობით, ლონდონელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკება გერმანელი და ჩილელი ნახევარმცველების წარმომადგენლებთან. “მეთოფეები” ფეხბურთელებს ანაზღაურებს სახით კვირაში 150 ათას გირვანქა სტერლინგს სთავაზობენ.
მოცემული მომენტისთვის მესუთ იოზილის ყოველკვირეული ანაზღაურება 140, ხოლო სანჩესის 130 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს. მათი მოქმედი კონტრაქტების ვადა 2018 წელს იწურება.
მიმდინარე სეზონში 27 წლის გერმანელმა ყველა ტურნირში ერთად 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. ალექსის სანჩესის ანგარიშზე 20 თამაშში გატანილი 9 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.