რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებს 2 ქართველი მსაჯი მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სოჭში ალექსანდრე კარელინის სახელობის ცენტრში გამართულ მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის (UWW) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული, რომელსაც პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი ხელმძღვანელობდა.
ოლიმპიადაზე სულ 50 არბიტრი იქნება მივლინებული. სამსაჯო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანტონიო სილვესტრიმ კომისიას ლას ვეგასში მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯების შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა, სადაც თითოეული მსაჯის მუშაობა კიდევ ერთხელ განიხილეს. აღნიშნულის საფუძველზე UWW-ს აღმასკომმა რიოს ოლიმპიურ თამაშებისთვის მსაჯების წინასწარი სია დაამტიკა. საბოლოო სია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში თებერვალში იქნება გადაგზავნილი, მანამდე კი, 30-31 იანვარს რიო დე ჟანეიროში ტესტ ღონისძიება ჩატარდება.
არსებობს მსაჯების სამი კატეგორია – სუპერვაიზერი, ინსტრუქტორი და რეფერი. ერთ ქვეყანას სამივე კატეგორიაში მხოლოდ თითო წარმომადგენლის ყოლა შეუძლია. ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მსაჯების რაოდენობა ორამდე გაიზარდა. მოგეხსენებათ, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ერთი არბიტრი ედიშერ მაჩაიძე გვყავდა, ამჯერად კი სტატუსი კიდევ ერთმა ქართველმა არბიტრმა თემო ყაზარაშვილმა აიმაღლა და ოლიმპიური კატეგორია მიენიჭა. ის ჩვეულებრივი მსაჯი იქნება და უშუალოდ შეხვედრებს განსჯის, მაჩაიძე კი სუპერვაიზერის რანგში მოგვევლინება, ვისაც საპროტესტო ეპიზოდებში (ჩელენჯი) ჩარევის და საბოლოო დასკვნის გამოტანა ევალება.
www.wrestling.ge