46 წლის ასაკში გარდაიცვალა დავით პეტრიაშვილი – კაცი, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთში, არამედ უეფაშიც. პირადად ჩვენ არასოდეს შეგვხვედრია მისი მომდურავი ადამიანი. პეტრიაშვილი თავად იყო ისეთი პიროვნება, რომ ცუდს მასზე ვერ იტყოდი. ღიმილიანი, სალმიანი...
წუხელ ბახტრიონის ქუჩაზე გზაზე ფეხით გადასვლისას საპატრულო ეკიპაჟი დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. ამ საქმეს პროკურატურა გამოიძიებს. პეტრიაშვილი საერთოდ შვეიცარიაში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული.
დავით პეტრიაშვილი უეფას ეროვნულ ასოციაციებთან ურთიერთობების მენეჯერი იყო, გახლდათ უეფასა და ფიფას ეგიდით გამართული მატჩების დირექტორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზეც საორგანიზაციო კომიტეტში მუშაობდა. აი, 2010 წლის მუნდიალზეც, ქალაქ ბლუმფონტეინში რა თამაშებიც გაიმართა, ყველა შეხვედრის დირექტორი ის გახლდათ.
პეტრიაშვილი თბილისის “დინამოს” მართველი დირექტორი იყო და სწორედ იმ პერიოდში მიაღწია კლუბმა დამოუკიდებლობის პერიოდში საუკეთესო შედეგს: უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ეს 2004 წელს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო 2002 წელს: მაშინ საკმაოდ ხმაურიანი არჩევნები იყო და საბოლოოდ, მერაბ ჟორდანიამ გაიმარჯვა.
პეტრიაშვილს არ უყვარდა საკუთარი თავის წარმოჩენა. ის არ იყო თვითრეკლამის კაცი, თუმცა ვიცით, რომ უეფასა და ფიფაში მუდმივად ზრუნავდა ქართულ ფეხბურთზე და მისი დიდი დამსახურება იყო თუნდაც წლეულს უეფას სუპერთასის მატჩის (“ბარსელონა”-“სევილია” 5:4) თბილისში ჩატარება და კარგად ორგანიზება. არა მხოლოდ სუპერთასის, ასევე სხვადასხვა ტურნირების მასპინძლობაც.
დავით პეტრიაშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ფეხბურთისთვის. ის სუფთა სახელით შევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ყველა თბილი სიტყვებით გაიხსენებს.