ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. “ლივერპული” “ვიკარეიჯ როუდზე” მშვენიერ ფორმაში მყოფ “უოტფორდს” ეწვია და გამანადგურებელი მარცხი იწვნია.
სტუმრების ასეთ მარცხში დიდი წვლილი ადამ ბოგდანს მიუძღვის, რომელმაც ტრავმირებული მინოლე სათანადოდ ვერ შეცვალა და ისეთი ბურთები გაუშვა, როგორებსაც მაღალი დონის კიპერი არ გაუშვებდა.
ანგარიში ძალიან მალე მე-3 წუთზე გაიხსნა. მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, ბოგდანმა ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და გაუვარდა, რითაც აკემ ისარგებლა და “ლოსები” დააწინაურა. მასპინძლებმა მეორე გოლიც მალე გაიტანეს და უნდა ითქვას, რომ ბოგდანს აქაც უკეთ თამაში მართებდა, რადგანაც იგალო საკმაოდ მახვილი კუთხიდან ურტყამდა და სიძლიერეც აკლდა.
მეორე ტაიმში უპირატესობას “ლივერპული” ფლობდა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა გოლი კვლავ მასპინძლებმა გაიტანეს: 85-ე წუთზე ოდიონ იგალომ თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
“უოტფორდმა” ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო, 28 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. “ლივერპული” კი, 24 ქულით მე-9 ადგილზე ჩამოქვეითდა.
დღის მეორე შეხვედრა “ლიბერთი სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “სუონსიმ” ლონდონური “ვესტ ჰემი” მიიღო და შეხვედრა გოლების გარეშე დასრულდა – 0:0.
“ვესტ ჰემი” 25 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო “სუონსის” 15 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.
ტურის დასკვნითი და ცენტრალური შეხვედრა დღეს “ემირათს სთედიუმზე” გაიმართება, სადაც “არსენალი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება.
უოტფორდი – ლივერპული 3:0 (2:0)
უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”
უოტფორდი (4-4-2): გომეში, ბრიტოსი, კეტკარტი, ნიომი, აკე, კაპუ, უოტსონი, ხურადო (ანია 76), აბდი (ბეჰრამი 80), დინი, იგალო (გედიურა 88).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
ლივერპული (4-3-3): ბოგდანი, შკრტელი (ორიჯი 41), სახო, კლაინი, მორენო, ჩანი, ლეივა, ჰენდერსონი, კოუტინიო, ლალანა (აიბი 74), ფირმინო (ბენტეკე 74).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 1:0 აკე (3), 2:0;3:0 იგალო (15;85)
გაფრთხილებები: ბრიტოსი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
სუონსი – ვესტ ჰემი 0:0
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, რანხელი (ნოუტონი 69), კორკი (შელვი 73), კი, ბრიტონი, ა.აიუ (ბაროუ 83), სიგურდსონი, გომისი.
მწვრთნელი: ალან კურტისი
ვესტ ჰემი (4-1-4-1): ადრიანი, ოგბონა, კოლინსი, ტომკინსი, კრესველი, სონგი (ობიანგი 73), კუაიტე, ნობლი, ზარატე (ვალენსია 60), ანტონიო (ჯენკინსონი 85), იელავიჩი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
გაფრთხილებები: ჯენკინსონი
მსაჯი: ლი მეისონი