ბლოგი

11:15 | 20.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” – ყველაზე უიღბლო, უიღბლოთა შორის!

თუკი საფეხბურთო თვალსაზრისით უიღბლობაზე ვისაუბრებთ, აბა ისე როგორ იქნება, რომ ფიქრში იმწამსვე ლონდონის ”არსენალი” არ წამოგვიტივტივდეს? სადაც “მეთოფეები” არიან, იქ იღბალსა და გამართლებას რა უნდა? სადაც არსენ ვენგერის ჭაღარაა, იქ შვებას და მოცალეობას რა უნდა? ამ ბოლო დროს კი საერთოდ სასწაულები ხდება და პრაქტიკულად ყველა საფეხბურთო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონელებს კატალონიის “ბარსელონა” “გადაეკიდა” და როგორ გინდა ამოდენა ვერზილა კლუბს ყოველწლიურად ეომო?

ომიცაა და ომიც... წარმოიდგინეთ თავი არსენ ვენგერის ადგილზე და მიხვდებით რაოდენ რთულია სათავეში ედგე გუნდს, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელები თითქმის ყოველ წელს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელებს უყიდიან, სადაც კი უნამუსობაა, ყველაფერმა გვერდით ჩაუარა და ბოლოს ეს ტიალი კატალონიის “ბარსელონაც “გადაეკიდა”.. გადაეკიდა მე მგონი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ...

მავანმა რამდენიც არ უნდა გვაქილიკოს, ამ დროს აბა როგორ არ უნდა ავღნიშნოთ რუსული კლუბების მუდმივი “იღბლიანობა”, მუდმივად კარგ ჯგუფში მოხვედრა, მუდმივად მსაჯების მათ მიმართ “გულკეთილობა” და მუდმივად ისეთი მეტოქეების შეხვედრა, სასურველს რომ ეძახიან. ჩვენ ეჭვების გამოთქმას ვერავინ აგვიკრძალავს და ვერც იმის დაჯერებას გვაიძულებენ, რომ რუსულ კლუბებს (ყველას ერთად!) მუდმივად უმართლებთ და მათი ასეთი საოცარ იღბლიანობის ფონზე ”არსენალის” მსგავსთა უიღბლობაც ჩვეულებრივი და მარტივი ამბავია.

ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო გამოთქმა არსებობს: “ძლიერებს უმართლებთ”. ჯერ ერთი, ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ ლონდონის ”არსენალი” მიმდინარე წელას ან თუნდაც გასულ საფეხბურთო სეზონებში სუსტი იყო. მეორეც – ვითომ რატომ უნდა უმართლებდეს მხოლოდ ძლიერებს? რა დგას ამ ერთობ საეჭვო და უსამართლო გამოთქმის უკან?

წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია - იცნობთ ადამიანს, რომელიც არაფრით ჯობია სხვებს, არაფრითაა სხვებზე ნიჭიერი, სხვებზე კრეატიული, სხვებზე შრომისმოყვარე, მაგრამ რატომღაც ყველაზე კარგად ცხოვრობს, ყგველაზე მეტად ისმის მისი ხმა და მავანი გეუბნებათ, რომ ეს ლოგიკურია,. ეს ასეც უნდა იყოს, ცხოვრება ასეთი უსამართლოა... შეუძლებელია პროტესტი არ გაგიჩნდეთ ასეთი რეალობისადმი. რეალობისადმი, რომელიც სამწუხაროდ თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში არსებობს.

თუკი ისტორიის ლაბირინთებში გადავიჭრებით, იქაც ბევრი რამ არ დაგვხვდება საიმედო და გასახარებელი “იღბლისა და უამართლობის კუთხით”. ამაზე ჩვენი თბილისის “დინამოს” ძველი თაობის ქომაგებიც მრავალ ამბავს მოყვებიან და ქართველი ქომაგებისათვის ეს პრობლემა საკმაოდ ნაცნობია. N

ნაცნობია ის სიტუაციაც, რაშიც ახლა ლონდონის “არსენალი” და მისი ფრანგი მესაჭე იმყოფებიან და ყველაზე გულსატკენი მაინც ისაა, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, ჩვენ ვერავის ვერაფერს ვერ დავუმტკიცებთ. მსგავსი რამ როგორც იცით ვერც დამტკიცდება. უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლებს კი სამწუხაროდ ხშირად გიჟებად თვლიან. ეს ალბათ ყველაზე ღირსეული და პატივსაცემი “სიგიჟეა” დედამიწაზე!

0.112293