ზაზა ფაჩულიას მორიგი დიდებული მატჩი. დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მუდმივ მეზობელ „მემფის გრიზლისთან“ მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 ქულასთან ერთად 18 მოხსნა მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვებაში ხომ დიდად დაეხმარა, პირად ანგარიშზე სეზონის მე-15 ორმაგი დუბლი ჩაიწერა და ლიდერთა შორის დაბრუნდა.
ბოლო მატჩებია „დალასი“ და „მემფისი“ ცხრილში თანაბრად მიდიან. დღევანდელ მატჩამდეც ორივე გუნდი ცხრილში გვერდი-გვერდ იყვნენ. პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებაში ფაჩულიამ თავი ისახელა და 18 მოხსნით ფარზე საკუთარი დომინირება დაადასტურა. ზაზას და ტეხასური გუნდის სხვა წამყვანი მოთამაშეების მეოხებით „დალასმა“ შეხვედრა 97:88 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილიდან „მემფისი“ ჩააჩოჩა.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 12-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრი შეუდარებელი იყო ფარქვეშ და აცილებულ ბურთებს იშვიათად თუ ვინმეს ანებებდა. მოპოვებულ 10 ქულას ზაზამ გამორჩეულად ბევრი - 18 მოხსნა მოხსნა მოაყოლა, რაც ამ მატჩში მემფისელთა საუკეთესო 2 მომხსნელის ერთად აღებულ მონაგარზე მეტია. „გრიზლისში“ ყველაზე მეტი მოხსნა მარკ გასოლმა და ზაკ რენდოლფმა მოაგროვეს. თითოეულმა 8 ბურთი მოხსნა.
რაკი ფარქვეშ ფაჩულიას სახით საიმედო ბურჯი ჰყავდათ, დალასელებმა მეტოქე პერიმეტრიდან „დაბომბეს“ და საბოლოოდ საქმე იოლად მოუთავეს. ქართველ ცენტრს 10 ქულასა და 18 მოხსნასთან ერთად თითო პასი და ჩაჭრა ჰქონდა. დასალელთა სხვა ლიდერთაგან 20 ქულით დირკ ნოვიცკი გამოირჩა, 16 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი ჩენდლერ პერსონსმა მიითვალა, ხოლო დერონ უილიამსის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.
15 მოგებითა და 12 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გამყარდა. მომდევნო ჯახი კი ფაჩულიას გუნდს ჩვენი დროით 23 დეკემბრის გარიჟრაჟზე, ტორონტოში „რეპტორსთან“ ელის. სწორედ ტორონტოში უნდა გაიმართოს 14 თებერვალს ნბა-ს ოლ სტარი, სადაც თამაშის შანსი ზაზა ფაჩულიასაც აქვს.
„მემფისთან“ მატჩის წინ ოლ სტარის გამოკითხვაში დალასელი ლიდერებისთვის მხარდასაჭერი ბანერებით იყო გავსებული „ამერიქან აირლაინ ცენთერის“ სავარძლები. შეგახსენებთ ნბა-ს ოლ სტარში ხმის მიცემის პროცედურას:
შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „დალას მავერიკსის“ ერთ-ერთ ლიდერ ზაზა ფაჩულიას. თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://secure.nba.com/membership/user/register/
ხმის მიცემა შესაძლებელი ფეისბუქიდანაც. პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში ვწერთ #NBAVote და ვაბამთ მხარდასაჭერი კალათბურთელის სახელს და გვარს - ამ შემთხვევაში ზაზა ფაჩულიას. ანუ ჩვენი სტატუსი შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: #NBAVote zaza pachulia
ანალოგიური გზით ხმის მიცემა შეუძლიათ twitter-ის მომხმარებლებსაც.
ორმაგ დუბლებს რაც შეეხება, ფაჩულია კვლავ მე-3 ადგილზე იმყოფება. ქართველ ცენტრს 2 დღის წინ ნიუორლეანელმა სუპერვარსკვლავმა ენტონი დევისმა გადაასწრო, თუმცა დღევანდელი ორმაგით ზაზა დევისსს მე-3 ადგილზე გაუთანაბრდა.
www.gbf.ge