კალათბურთი

1:43 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “საკუთარ თავზე მუშაობა და პროფესიონალიზმი – ჩემი თვისებები ესაა”
“დალასში ჩინებული მწვრთნელები, თანაგუნდელები და მფლობელი დამხვდნენ. მეტი რაღა უნდა ინატრო?”

სეზონთშორის პერიოდში “დალას მავერიქსის” მცდელობა თავისი რიგები დეანდრე ჯორდანით შეევსო, ფიასკოთი დასრულდა. ეს კიდევ დიდი ტრაგედია არ იქნებოდა, რომ არა ტაისონ ჩენდლერის “ფინიქსში” გადაბარგება. სწორედ ამიტომ, “მავერიქსში” ზაზა ფაჩულიას მისვლას, რომელსაც “მილუოკი ბაქსში” საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა, დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. მეტიც, ექსპერტთა და ქომაგთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ დალასელთა მფლობელ მარკ კუბანისთვის ქართველი სათადარიგო ვარიანტი იყო და გუნდი რომელიმე ვარსკვლავურ ცენტრს მაინც აიყვანდა. თუმცა, გავიდა 2 თვე და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: ფაჩულია “მავერიქსს” ჩინებულად მოერგო და ყველაზე თამამ მოლოდინებსაც კი გადააჭარბა...

- დალასში თქვენთვის ყველაფერი კარგად აეწყო. ეს, რით აიხსნება?

- პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ გუნდში ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული და შემადგენლობაც კარგი შეიკრიბა. ასეთ გამოცდილ და ძლიერ კალათბურთელებთან ერთად თამაში ჩემთვის დიდი პატივია. გვერდს ვერც სამწვრთნელო შტაბს ავუვლი: “მავერიქსში” ნბა-ში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ. ისინი ძალიან შრომისმოყვარენი არიან და ერთი მიზნისკენ მიილტვიან. ამასთან, ჩემში გუნდის მფლობელი მარკ კუბანიც დიდ სიმპათიას იწვევს. ის “მავერიქსის” გარშემო ყველა ნიუანსს მტკივნეულად აღიქვამს და ჩვენი ყველაზე ერთგული გულშემატკივარია. როდესაც ასეთი შეკრული კოლექტივის წევრი ხდები, შენი შესაძლებლობების დემონსტრირება გაცილებით იოლია. ყველანი ერთმანეთის ეხმარებიან, რაც თამაშსაც აადვილებს.

- როგორი იყო თქვენი ემოციები, როდესაც გაიგეთ, რომ “დალასში” გაგცვალეს?

- მართალი გითხრათ, გაორებული ემოციები მქონდა. “მილუოკიში” არცთუ ცუდი სეზონი მქონდა და გუნდი პლეი-ოფში გავიდა. იმედი მქონდა, რომ წლეულს “ბაქსს” შედეგების გაუმჯობესებაში დავეხმარებოდი, ამდენად, თავდაპირველად, ამ ცნობას დიდი ენთუზიაზმით არ შევხვედრილვარ. თუმცა, დროთა განმავლობაში, მივხვდი სად აღმოვჩნდი და თავი მშვიდად ვიგრძენი: ჩინებული მწვრთნელები, უმაღლესი კლასის თანაგუნდელები და დიდებული მფლობელი. კიდევ რა უნდა ინატრო? აქ, სიტუაცია ცოტა სხვაგვარადაა. თუკი “მილუოკიში” ერთ-ერთი ყველაზე უფროსი ვიყავი, “დალასში” ლამის ყველაზე ახალგაზრდა ვარ (იცინის). როდესაც გუნდში ამდენი ვეტერანია, მათგან უამრავი რამის სწავლა შეიძლება.

- ყველასათვის ცნობილია, რომ გამოკვეთილად ძალისმიერ სტილში მოქმედებთ. თუ არის რაიმე ნიუანსი თქვენს თამაშში, რომელიც შეუმჩნეველი რჩება, თავად კი, მნიშვნელოვნად მიიჩნევთ?

- დარწმუნებული ვარ, არის. ყოველ სეზონში 82 მატჩს ვატარებთ და ერთი და იმავე მეტოქეს რამდენჯერმე ვხვდებით. ცხადია, მოწინააღმდეგეები შენი თამაშის სტილს კარგად სწავლობენ და ცდილობენ, გაგანეიტრალონ. ეს ძალიან მარტივია. კარგად ვიცი, რომ გუნდისთვის სარგებელი მომაქვს და ეს, ყოველთვის სტატისტიკაში არ აისახება.

- კიდევ ერთი რამ თქვენი თვისებებიდან: მეტოქეების ფსიქოლოგიურად განადგურება კარგად გეხერხებათ. თითქოს მას თავში უძვრებით და საჭირო რიტმის მოძებნაში ხელს უშლით.

- გამოცდილებასთან ერთად, იმასაც ხვდები, ამა თუ იმ მეტოქის წინააღმდეგ როგორ უნდა იმოქმედო. ამ ბიჭების პირისპირ სათამაშოდ არაერთხელ გავსულვარ, ამდენად, დამერწმუნეთ, ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გავარკვიე. ზოგჯერ ძალისმიერად უნდა იმოქმედო, ზოგჯერ – ჭკუით, ზოგჯერ კი საქმეში მენტალური ნიუანსები უნდა ჩართო. ყველა ადამიანი განსხვავებულია და ეს, არ უნდა დაგვავიწყდეს. თუკი მათ გასაღებს მოუძებნი, წარმატებაც არ დაახანებს.

- ყველა იმ გუნდში, სადაც კი გითამაშიათ, ქომაგები თქვენს მიმართ დიდი კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ. ამას როგორ ახერხებდით?

- საკუთარ თავზე მუშაობა და პროფესიონალიზმი – ესაა ჩემი თვისებები, რასაც გულშემატკივრები კარგად ხედავენ. ვფიქრობ, პოპულარობაც აქედან მოდის.

- კარიერის განმავლობაში, მწვრთნელებიდან თქვენზე ყველაზე დიდი ზეგავლენა ვინ იქონია?

- გულახდილი ვიქნები – ყველა მათგანმა რაღაც შემძინა. მაიკ ვუდსონი, ლარი დრიუ, ჯეისონ კიდი, დოკ რივერსი... ჩემს სადებიუტო წელს ის მოტივაციის მოძიებაში ძალიან მეხმარებოდა. მათგან რომელიმეს გამორჩევის უფლება არ მაქვს, ყველას დიდ მადლობას ვუხდი.

- მოდით სერიოზულად ხართ გატაცებული. ეს ამბავი როგორ დაიწყო?

- არ ვიცი (იცინის). შესაძლოა, საქმე ის გახლავთ, რომ აშშ-ში ოკეანის მე-2 მხრიდან მოვხვდი. მოდას თვალს შეძლებისდაგვარად ვადევნებ, თუმცა, ამჟამად, უფრო მეტად განათლების და ბიზნეს-სფეროებით ვარ გატაცებული.

- როდესაც ნბა-მ მატჩების დღეს დრეს-კოდი შემოიღო, კალათბურთელთა უმრავლესობას უკმაყოფილება არ დაუმალავს. თქვენ ალბათ მე-2 ბანაკში იყავით, რომელშიც აღნიშნული სიახლეს მხარს უჭერდნენ.

- რასაკვირველია. ვფიქრობ, პროფესიონალი სპორტსმენისთვის ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, დრეს-კოდის შემოღება ყველას კარგად წაადგა.

- ნბა-ს მოთამაშეებიდან ყველაზე ცუდად ვინ იცვამს?

- ასე ვერავის დავასახელებ, ნუ მიბიძგებთ (იცინის). როგორც უკვე ვთქვი, ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარია. ზოგი გარეგნობას დიდ დროს უთმობს, ზოგი ამაზე არ ფიქრობს, ზოგი კი 90-იან წლებშია ჩარჩენილი. ვიცი, რომ მოდას სულ უფრო მეტი კალათბურთელი აქცევს ყურადღებას და ამაში დიდ თანხასაც ხარჯავს. ერთიცაა, ძალიან ძნელია სასურველი სამოსი შეარჩიო მაშინ, როდესაც შენი სიმაღლე 2.10 მეტრი ან მეტია!

- ევროპელი კალათბურთელისთვის გასახდელში ლიდერის მანტიის მორგება რამდენად იოლია? ეს, საერთოდ შესაძლებელია?

- ცხადია, შესაძლებელია! ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი რეპუტაცია და გამოცდილებაა. თუკი ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, ლიდერობა შორს აღარ იქნება.

- 2016 წლის ზაფხულში თქვენ თავისუფალი აგენტების ბაზარზე გახვალთ, ამ დროს კი სახელფასო ჭერი გაცილებით იზრდება. ამაზე თუ ფიქრობთ?

- მოხარული ვარ, რომ ნბა ერთ ადგილზე არ დგას და განვითარებისთვის დამატებით წყაროებს ეძებს. გუნდების მოთამაშეები, თანამშრომლები, ქომაგები, ყველანი ჩვენ ვართ ლიგის წარმატების საფუძველი და აქ ცხადია, ფინანსურ სარგებელსაც ვგულისხმობ. ზოგჯერ წარმოდგენაც კი მიჭირს, რომ უკვე 13 წელია, ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ! ამით, ძალიან ვამაყობ. რაც შეეხება თქვენს კითხვას. რა იქნება მომავალ ზაფხულს, ამაზე თითქმის არ ვფიქრობ. ახლა, სრულად იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ “მავერიქსს” მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. ეს ხომ საბოლოო ჯამში მეც მახეირებს. თუკი წარმატებული კოლექტივის წევრი ხარ, შენი აქციებიც იწევს. ამდენად, შორეულ მომავალში არ ვიყურები, ზაფხულამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. საკუთარ თამაშზე უნდა იყო გადართული და არა – საკონტრაქტო თანხებზე. მთელი საიდუმლო ესაა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მომავალი და ხელფასი დიდად მაღელვებდა, ამჟამად კი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ და პლეი-ოფშიც ღირსეულად ვითამაშოთ. არის რაღაცეები, რაც ფულზე მნიშვნელოვანია. ცხოვრებაში ყველაფერს თავის დრო აქვს.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

0.116844