მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციამ (UWW) 2015 წლის საბოლოო შემაჯამებელი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა. მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57) შეინარჩუნა წონაში ლიდერება და 2015 წელი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორმა ლაშა გობაძემ (80) კი ბაქოს მეტად პრესტიჟულ ფინალურ ოქროს გრან-პრიზე გამარჯვებით, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ბელარუს ვიქტორ სასუნოვსკის გადაასწრო და მსოფლიო რეიტინგში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ რომ გობაძეს მიმდინარე წელს წარმატებული სეზონი ჰქონდა. ქართველმა ფალავანმა საქართველოს ჩემპიონატზე, ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, ირანში ტახტის თასზე და ბაქოს ფინალურ გრან-პრიზე გაიმარჯვა, ლას-ვეგასში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ნაკრებიდან მხოლოდ მან შეძლო მედლის მოიპოვება. გობაძემ სეზონი სულ რამოდენიმე დღის წინ, საქართველოს 23-წლამდელთა თასზე გამარჯვებით დაასრულა.
თავისუფალთა მსოფლიო რეიტინგში ბაქოს გრან-პრიზე გამაჯვების შემდეგ, გენო პეტრიაშვილმა (125) მესამე ადგილი შეინარჩუნა, ელიზბარ ოდიკაძემ (97) კი მეექვსე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.
ბაქოს გრან-პრის ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86) ერთი ადგილით დაწინაურდა და მეოთხედან მესამეზე აინაცვლა. დავით ტლაშაძე (70) ყახაზეთში კუნაევის ტურნირზე გამარჯვებით მეათედან მეშვიდე პოზიციაზე აღზევდა. პირველად შევიდა რეიტინგში ოთარ გოგავა (57), რომელმაც ბაქოს გრან-პრიზე ბრინჯაო მოიპოვა, რეიტინგში კი მე-18 ადგილზეა. ჯუმბერ ყველაშვილი (74) მე-8 საფეხურზეა, ავთანდილ კენჭაძე (65) მეცხრეა, ბექა ლომთაძე – მე-8, დავით მოძმანაშვილი (125) – მე-12.
ბერძენ რომაელთაგან მსოფლიო რეიტინგში სულ სამი ქართველი მოხვდა: გობაძის გარდა, ისინი შმაგი ბოლქვაძე (66) – მე-10 და ზურაბ დათუნაშვილი (74) – მე-16 – არიან.
მსოფლიო რეიტინგი UWW თავისუფალი ჭიდაობა - https://unitedworldwrestling.org/article/world-champs-on-top-gatsalov-returns-to-97kg-in-freestyle-world-rankings
მსოფლიო რეიტინგი UWW ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - https://unitedworldwrestling.org/article/aleksanyan-goes-wire-to-wire-atop-2015-greco-roman-rankings
www.wrestling.ge