დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსი” ფერზე მოდის. ქართველი კალათბურთელის გუნდი წინასასეზონო მატჩებში არცთუ კარგად გამოიყურებოდა, თუმცა, უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში 4 გამარჯვება იზეიმა და საკონფერენციო თამაშებს იმედიანად ხვდება.
“ტორეროსმა” მორიგი მატჩი სან დიეგოს ჯენი კრეიგ პავილიონში გამართა და შტატის დერბიში კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდს 61:55 სძლია.
სასიხარულოა, რომ სანაძე მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დუდა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25 წუთში 14 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
სან დიეგოელებს არასაკონფერენციო მატჩებში 4 მოგება და 6 მარცხი აქვთ, დეკემბერში კი მხოლოდ ერთი თამაშიღა ელით: 24-ში – ასევე კალიფორნიის წარმომადგენელ “ნორსრიჯ მატადორსთან”.