უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის 2015/16 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. მონაწილე გუნდებიდან მხოლოდ “ნაპოლის” ჰყავს ორი წარმომადგენელი.
წარმოგიდგენთ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილი ფეხბურთელების ჯგუფური ეტაპის სტატისტიკურ მონაცემებს.
მეკარე: რალფ ფარმანი (“შალკე”)
“შალკეს” 27 წლის მეკარემ 6-ვე თამაშში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა. რალფმა 4 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
მცველი: გიოქჰან გიონული (“ფენერბაჰჩე”)
“ფენერბაჰჩეს” კაპიტანმა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ბოლო მატჩში “სელტიკთან” (1:1) ლაზარ მარკოვიჩს გაატანინა.
მცველი: ანდრეას გრანკვისტი (“კრასნოდარი”)
შვედეთის ეროვნული ნაკრების მცველმა “კრასნოდარის” რიგებში 6-ვე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. გაუძლო “დორტმუნდის” იერიშებს და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
მცველი: ნათანიელ კლაინი (“ლივერპული”)
“მერსისაიდელებმა” ჯგუფური ეტაპი წაგების გარეშე დაასრულეს. ინგლისელი ფეხბურთელი კი უეფამ “ლივერპულში საუკეთესოდ სცნო. ნათანიელმა 5 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნახევარმცველი: ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”)
არგენტინელი ნახევარცველი ევროპა ლიგაზე “ტოტენჰემის” საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. “მონაკოს” წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში სამხრეთამერიკელს ჰეთთრიკის შესასრულებლად მხოლოდ 62 წუთი ეყო. ჯამში ლამელამ 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
ნახევარმცველი: შტეფენ ჰოფმანი (“რაპიდი”)
35 წლის ვეტერანი გერმანელი ვენის რაპიდის “ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მას ასაკმა ხელი არ შეუშალა და 6 მატჩში 3 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნახევარმცველი: ბერნარდო სილვა (“მონაკო”)
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ჯგუფურ ეტაპზე თავი არც გატანილი გოლით და არც საგოლე გადაცემით გამოუჩენია, თუმცა ნახევარდაცვას ჩინებულად აკონტროლებდა და შეტევებსაც კარგად იწყებდა. სილვამ 6 თამაში ჩაატარა, მისი გუნდი კი ჯგუფში ჩარჩა.
ნახევარმცველი: დრის მერტენსი (“ნაპოლი”)
ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა იტალიური გუნდის რიგებში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა (3 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა). ფეხბურთელმა მოედანზე 237 წუთი დაჰყო და “ნაპოლის” რეკორდებში მონაწილეობა მიიღო. გაიტანა 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. “ლეგიასთან” მოგებულ (5:2) ბოლო მატჩში ბოლო ორი გოლი გაიტანა. ბელგიელის აქტიურობით იტალიურმა გუნდმა ევროპა ლიგაზე 22 გატანილი გოლით რეკორდი დაამყარა. აქამდე ყველაზე მეტჯერ “ზალცბურგმა” (21) დაამწუხრა მეტოქეები.
თავდამსხმელი: ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”)
ესპანელმა ფეხბურთელმა ჯგუფურ ეტაპზე 6 მატჩი ჩაატარა და “ნაპოლის” გატანილი 22 გოლიდან მის ანგარიშზე ხუთია. კალეხონმა 3-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.
თავდამსხმელი: არტის ადურისი (“ბილბაო”)
34 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა 5 შეხვედრა ჩაატარა. 387 წუთში ესპანელმა 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
თავდამსხმელი: რაულ ბობადილია (“აუგსბურგი”)
გერმანული კლუბი ჯგუფიდან პარაგვაელმა თავდამსხმელმა რაულ ბობადილიამ გაიყვანა. ჯგუფის ბოლო მატჩში “პარტიზანს” შინ “აუგსბურგთან” ორი ბურთის სხვაობით არ უნდა წაეგო, თუმცა სამხრეთამერიკელმა სერბებს 89-ე წუთზე გოლი გაუტანა, ანგარიში თავისი გუნდის სასარგებლოდ 3:1 გახადა და გერმანელები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
პარაგვაელმა 5 მატჩი ჩაატარა. 372 წუთში 6 გოლი გაიტანა, ბოლო კი უმნიშვნელოვანესი.