თანამედროვე ფეხბურთში ფული ბევრ რამეს წყვეტს და მეტწილად სწორედ ძვირადღირებულ ტრანსფერებზეა დამოკიდებული ამა თუ იმ გუნდის წარმატებული თამაში. თუმცა, ისტორიას ახსოვს ისეთი ფაქტებიც, როცა რომელიმე გუნდს კონკრეტული ფეხბურთელის სანაცვლოდ არათუ დიდძალი თანხა, არამედ არაფერი გაუღია და ხელში უფასოდ ჩაუგდია. შემდეგ კი, მათ კლუბის ისტორიაში სახელი დაუტოვებიათ და გუნდის გამარჯვებებში მნიშვნელოვანი როლიც უთამაშიათ.
დღეს სწორედ ასეთ ფეხბურთელებს წარმოგიდგენთ. ჩამონათვალში ჯამში 20 ფეხბურთელია და მათ გულშემატკივართა წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდებათ...
ჯეი ჯეი ოკოჩა – პსჟ-დან ბოლტონში, 2002 წელი
ნიგერიელი შემტევი სემ ელერდაისმა 13 წლის წინ უფასოდ გაიფორმა. არადა, 4 წლით ადრე პარიზელებს აფრიკელ ფეხბურთელში 14 მილიონი დოლარი გაეღოთ. ოკოჩამ ბოლტონი ინგლისის ლიგის თასის ფინალში გაიყვანა, რაც პატარა გუნდისთვის დიდი წარმატება იყო.
კინგსლი კომანი – პსჟ-დან იუვენტუსში, 2014 წელი
18 წლის ფრანგი ტურინში თანამემამულე პოლ პოგბასთან გააიგივეს, მაგრამ კომანს იტალიაში თავის დამკვიდრება გაუჭირდა. ახლა კი, განათხოვრების წესით “ბაიერნშია”, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და 2017 წლის ზაფხულში გერმანელებს მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
ჯანლუკა ვიალი – იუვენტუსიდან ჩელსიში, 1996 წელი
ჯანლუკა ვიალიმ 1996 წლის მაისში “იუვენტუსთან” ერთად კაპიტნის რანგში ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ერთი თვეში “ჩელსიში” გადაბარგდა. ორი სეზონის განმავლობაში იგი ლონდონელთა ფეხბურთელი იყო, მერე კი მოთამაშე-მწვრთნელი. ნისლიან ალბიონზე მან ასოციაციის თასი, ლიგის თასი, თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო.
რობერტო ბაჯო – ინტერიდან ბრეშაში, 2000 წელი
2000 წელს მილანის “ინტერთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ XX საუკუნის ბოლო ათწლეულის გამორჩეულმა ფეხბურთელმა იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა და მოკრძალებულ “ბრეშას” მიაშურა. ლომბარდიელთა რიგებში რობიმ 101 მატჩში 46 გოლი გაიტანა, ხოლო 2004 წელს, როცა კარიერა დაასრულა, “ბრეშამ” 10 ნომერი მის საპატივცემულოდ გააუქმა.
მარკუს ბაბელი – ბაიერნიდან ლივერპულში, 2001 წელი
გერმანელი ინგლისში 2001 წლის დასაწყისში გადაბარგდა, როცა 28 წლის იყო. ბაბელმა დიდი როლი ითამაშა 2001 წელს “ლივერპულის” მოგებულ უეფას თასში, თუმცა ფინალში თამაშის დასაწყისშივე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.
სამი ხედირა – რეალიდან იუვენტუსში, 2015 წელი
შესაძლოა ადრეა სამი ხედირას ამ ნუსხაში მოხვედრა, მაგრამ პირველი ნიშნები მხოლოდ კარგზე მიგვანიშნებენ. ხედირასთან ერთად ტურინულმა გრანდმა 8 მატჩი ჩაატარა და მათგან 6 მოიგო. 28 წლის ფეხბურთელს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ იტალიაში თავისი კვალი დატოვოს.
მიხაელ ბალაკი – ბაიერნიდან ჩელსიში, 2006 წელი
მიუნხენის “ბაიერნის” ლიდერი 2006 წლის მუნდიალის შემდეგ ლონდონში გადაბარგდა. თანაც, რომან აბრამოვიჩს ამაში თანხა არ დაუხარჯავს. ბალაკი “სტემფორდ ბრიჯზე” ოთხი წელი დარჩა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. “ჩელსიში” მან ერთხელ პრემიერლიგა, ხოლო სამჯერ ინგლისის თასი მოიგო. ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.
მირლოსლავ კლოზე – ბაიერნიდან ლაციოში, 2011 წელი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი “ლაციოში” 4 წლის წინ გადაბარგდა და რომაელთათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. იტალიის ჩემპიონატში მას აქამდე 122 თამაშში 48 გოლი აქვს გატანილი, რაც მისი ასაკის ფეხბურთელისთვის საკმაოდ მაღალი შედეგია. რომში კლოზემ იტალიის თასის მოგებაც შეძლო.
სტივ მაკმანამანი – ლივერპულიდან რეალში, 1999 წელი
სტივ მაკმანამანი ინგლისიდან პირველი ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც სხვა გუნდში უფასოდ გადაბარგდა. მართალია სტივს “გალაქტიკოსებში” მოუწია გარჯა, მაგრამ “რეალისთვის” უმნიშვნელო მოთამაშე არ ყოფილა. 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მეტად მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.
დევიდ ბექჰემი – რეალიდან ლოს ანჟელეს გალაქსიში, 2007 წელი
მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი “გალაქსიში” 2007 წელს გადაბარგდა. აღნიშნულმა ტრანსფერმა ამერიკულ ლიგას პროგრესისკენ დიდი ბიძგი მისცა. დევიდმა ლოს ანჟელესში აშშ-ს თასის მოგება მოახერხა.
გარი მაკალისტერი – ქოვენთრიდან ლივერპულში, 2000 წელი
შოტლანდიელი ნახევარმცველი “ლივერპულში” 2000 წელს მაშინ გადავიდა, როცა 35 წლის გახლდათ. მართალია, სქოთი “ენფილდზე” მხოლოდ ორი სეზონი დარჩა, მაგრამ ჟერარ ულიეს ხელმძღვანელობით 5 ტიტული მოიგო და ეს პერიოდი ტკბილად უნდა აგონდებოდეს.
რაული – რეალიდან შალკეში, 2010 წელი
ლეგენდარული ესპანელი “რეალში” არ დააფასეს და მასაც გერმანიაში აბარგება მოუწია. სამაგიეროდ, რაულს “შალკეში” თავის გამოჩენა არ გასჭირვებია. “ხუმარების” შემადგენლობაში გონსალეს ბლანკომ 98 მატჩში 40 გოლი გაიტანა და გერმანიის თასი მოიგო. გარდა ამისა, პირველად თავის ისტორიაში “შალკე” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. გერმანელებმა რაული “სამეფო კლუბისგან” განსხვავებით დააფასეს და მისი 7 ნომერი ხმარებიდან ამოიღეს.
ბრედ ფრიდელი – ლივერპულიდან ბლექბერნში, 2000 წელი
ამერიკელი კიპერი “ლივერპულმა” “ბლექბერნ როვერსს” უსასყიდლოდ დაუთმო. ფრიდელმა “ივუდ პარკზე” 8 წელი ითამაშა და თავისი სახელი გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა.
ჰენრიკ ლარსონი – სელტიკიდან ბარსელონაში, 2004 წელი
შვედმა “სელტიკში” შვიდ სეზონში 200 გოლი გაიტანა და 2004 წელს “ბარსელონაში” ამოყო თავი. მართალია პირველ წელს ტრავმები სტანჯავდა, მაგრამ მეორე სეზონი უკვე წარმატებული აღმოჩნდა. მან 2005-2006 წლების სეზონში 15 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში “არსენალის” დამარცხებაში ლომის წილი დაიდო.
ლუის ენრიკე – რეალიდან ბარსელონაში, 1996 წელი
“ბარსელონას” დღევანდელ თავკაცს მადრიდის “რეალში” 5 სეზონი ჰქონდა გატარებული, როცა “კამპ ნოუზე” აღმოჩნდა. თუმცა ლუის ენრიკეს ბარსელონური კარიერა გაცილებით წარმატებული გამოდგა, ვიდრე მადრიდული. შემდგომში იგი გუნდის კაპიტანიც გახდა, ხოლო ორ-ორჯე ლა ლიგა და თასების თასი მოიგო, ერთხელ კი ესპანეთის სამეფო თასი.
პოლ პოგბა – მანჩესტერიდან იუვენტუსში, 2012 წელი
ბევრისთვის ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის მთავარი შეცდომა პოლ პოგბას გასხვისებაა, თანაც უფასოდ. ეს კი, 2012 წლის ზაფხულში მოხდა. ახლა პოგბა “ბარსელონას” მთავარი სამიზნეა და მისი ფასი 80 მილიონ ევროს აღწევს. პოგბამ ტურინში უკვე მოასწრო სამჯერ სკუდეტოს მოგება და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში.
რობერტ ლევანდოვსკი – დორმტუნდიდან ბაიერნში, 2014 წელი
პოლონელი დორმტუნდის “ბორუსიას” ლიდერი გახლდათ და მასში გერმანულ გუნდს მსუყე თანხის აღებაც შეეძლო, მაგრამ კონტრაქტის მოწურვამდე არსად გაასხვისა, მერე რობერტმა ხელშეკრულება არ გაახანგრძილვა და ასე თეთრის გარეშე “ბაიერნში” აღმოჩნდა. მიუნხენში კი ლევანდოვსკი სხვა სიმაღლეზე ავიდა და რეკორდს რეკორდზე ამყარებს. “რეკორდმაისტერის” რიგებში მას ამ დროისთვის 73 თამაშში 48 გოლი გაუტანია.
სოლ კემპბელი – ტოტენჰემიდან არსენალში, 2001 წელი
2001 წელს ტანმაღალი სოლ კემპბელმა ლონდონის “ტოტენჰემი” დატოვა, თუმცა ინგლისის დედაქალაქში დარჩა და “არსენალში” ჩაირიცხა. კემპბელი არსენ ვენგრის გუნდის დაცვის ბურჯი წლების განმავლობაში იყო და ორჯერ პრემიერლიგაც მოიგო. სხვათა შორის, სოლს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლიც გაუტანია, მაგრამ ეს “მეთოფეებს” საჩემპიონოდ მაინც არ ეყოთ.
ესტემბან კამბიასო – რეალიდან ინტერში, 2004 წელი
არგენტინელმა ნახევარმცველმა მადრიდის “რეალში” ფეხი ვერ მოიკიდა. სამაგიეროდ, მილანის “ინტერის” ლიდერი მთელი 10 წლის განმავლობაში იყო და “ნერაძურისთან” ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.
ანდრეა პირლო – მილანიდან იუვენტუსში, 2011 წელი
“მილანმა” თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო და 2011 წელს ანდრეა პირლო ტურინის “იუვენტუსს” უსასყიდლოდ დაუთმო. “როსონერის” ხელმძღვანელები მიიჩნევდნენ, რომ პირლომ თავისი შესაძლებლობები ამოწურა, მაგრამ ანდრეამ მაღალი კლასი ტურინშიც დაამტკიცა. პირლომ “ბებერ ქალბატონთან” ერთად ზედიზედ ოთხჯერ სკუდეტო მოიგო და იგი ამ გამარჯვებების მთავარი სულისჩამდგმელი გახლდათ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგების შემდეგ მან გუნდი და საერთოდ ბებერი კონტინენტი დატოვა და ახლა ამერიკაში ასპარეზობს.