წლეულს იანვარში ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი “ჰერეთი”, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ჭაბუკები ვარჯიშობენ. კახეთი ის რეგიონია, სადაც საფეხბურთო ცხოვრება აქტიური არაა და ეგებ, ამ აკადემიამ გამოიღოს შედეგი.
“მსოფლიო სპორტი” “ჰერეთის” დირექტორ გია მაჭარაშვილს ესაუბრა, რომელმაც ვრცლად გვიამბო იქაური ამბები:
- ჯერ ინფრასტრუქტურაზე. რამდენი მოედანია აფენში და ასევე, საცხოვრებელ ადგილზეც გვითხარით.
- ერთი ხელოვნური და ერთი ბუნებრივი მოედანია, სადაც მეორე ლიგის გუნდი თამაშობს. კიდევ ორი მოედანი კეთდება, მათ შორის, არასტანდარტულიც. ეს ყველაფერი სოფელ აფენის უბანში, ჭაბუკიანშია. სამსართულიანი საცხოვრებელი შენობაა, ამ შენობაშია სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრიც. საერთოდ, კლუბში მყარი საფუძველი ეყრება სამომავლო წარმატებებს. დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში, სადაც სამი ასაკის გუნდია.
- ვის ეკუთვნის ეს კლუბი, ვინ აფინანსებს?
- აქაური პიროვნებაა, ბიზნესმენი მერაბ ფერაძე. რუსეთში საქმიანობდა და გადაწყვიტა, რომ აფენში გაეკეთებინა ეს აკადემია. მშვენიერი პირობებია: თბილისური კლუბებისთვისაც რომ სანატრელია, ისეთი.
- რამდენი ასაკობრივი გუნდი გყავთ?
- 2002-დან 2008-ის ჩათვლით, ყველა ასაკში გვყავს გუნდი. ასევე, 2000 წელს დაბადებულების გუნდიცაა, სადაც რამდენიმე 2001-იანიც თამაშობს: ამ გუნდში სულ 14 მოზარდია. უფრო ადგილობრივები არიან და კიდევ, კახეთის სხვადასხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან. თბილისელი ორი ბავშვი გვყავს და რა თქმა უნდა, აქ ცხოვრობენ.
- როგორც ვიცით, თქვენთან უფასოა ბავშვის ტარება.
- დიახ. ყველაფერი უფასოა, კვებაც, სამედიცინო დახმარებაც. ერთადერთი, 50 ლარს ვახდევინებთ იმ ბავშვებს, რომლებსაც ტრანსპორტით გადაადგილება სჭირდებათ ლაგოდეხიდან, გურჯაანიდან, თელავიდან და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტები უარზე არიან, რომ ამ ბავშვების ტრანსპორტირება უზრუნველყონ, ანუ გამოუყონ სამარშრუტო ავტობუსები. ჩვენ იმაზეც თანახმა ვართ, რომ ჩვენი მიკროავტობუსით ვატაროთ, ოღონდ საწვავი ჩაგვისხან. არ გამოდის არც ისე და არც ასე, სახელმწიფო პროგრამაში ვერ ჩავჯექით.
- ლევან კობიაშვილიც გსტუმრობდათ წინასაარჩევნო პერიოდში. რაზე ისაუბრეთ, გეგმებზე რა ითქვა?
- დიახ, კობიაშვილმა დაათვალიერა აქაურობა და დაგვპირდა ბევრ რამეს. როგორც იცით, ფედერაცია ყველა რეგიონში გეგმავს აკადემიის შექმნას ფეხბურთის განვითარებისთვის და იმედი გვაქვს, რომ კახეთში სწორედ აფენში იქნება ცენტრი. აუცილებელია, რომ რეგიონებში ფეხბურთს მეტი ყურადღება დაეთმოს. კახეთს უნდა ჰყავდეს ერთი გუნდი პირველ ლიგაში, ორი-სამი კი მეორე ლიგაში და დარწმუნებული ვარ, ხალხიც ივლის სტადიონზე. ჩვენთან იგეგმება 3000 კაცზე გათვლილი ტრიბუნების აშენება. ხალხიც აუცილებლად მოვა, როცა პირველ ლიგაში იქნება გუნდი. დღეს კი ინტერესი ნაკლებადაა.
- სწორედ ამ ინტერესზე გკითხავთ. რამდენად იგრძნობა აფენში ეს?
- ნაკლებად. ძალიან ჭირს ამ მხრივ. წარმოიდგინეთ, მთელ კახეთში 2000 წელს დაბადებული 11 მოზარდი ძლივს შევაგროვეთ. წეღან ტრანსპორტირებაზე რომ ვლაპარაკობდით და 50 ლარის გადახდაზე, აი, მშობელს ურჩევნია, რომ სხვა რამეში 200 ლარი დაახარჯოს ბავშვს, ვიდრე თვეში 50 ლარი გამოუყოს აქ სასიარულოდ. ასეა, ფეხბურთისადმი ინტერესი ნაკლებადაა კახეთში. ფაქტობრივად, არც არის.
- ანუ, სხვა ყველაფერთან ერთად, ნიჭის დეფიციტიცაა?
- რამდენიმე ნიჭიერი მართლაც არის. შრომისმოყვარეებიც არიან, თუმცა ცოტანი.
- “ჰერეთში” მუშაობს თემურ ფოცხვერიაც, რომელსაც არაერთი ცნობილი ფეხბურთელი გაუზრდია (გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი და ა.შ). ფოცხვერია რომელი ასაკის გუნდს ავარჯიშებს?
- თემური უფროსი მწვრთნელია, კურირებას უწევს ყველა ასაკს. კონკრეტულად ერთი რომელიმე ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი არაა.