ინგლისის ჩემპიონატის მე-16 ტურის დასკვნითი შეხვედრა “კინგ პაუერ სთედიუმზე” გაიმართა, სადაც გათამაშების სენსაციურმა ლიდერმა “ლესტერმა” კრიზისში მყოფი ლონდონის “ჩელსი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მასპინძლებმა კიდევ ერთი მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს და ამტკიცებენ, რომ მათი ასეთი შტამბეჭდავი ასპარეზობა შემთხვევითი არაა. კვლავ გამორჩეულები იყვნენ ჯეიმი ვარდი და რიად მაჰრეზი. ინგლისელმა ფორვარდმა მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო ალჟირელმა ნახევარმცველმა თავადაც გაიტანა და ვარდისაც გაატანინა. მიმდინარე პრემიერლიგაში აღნიშნულ დუეტს 26 გოლი დაუგროვდა და ამაზე მეტი მხოლოდ ორ კლუბს: “მანჩესტერ სიტის” და “არსენალს” აქვთ გატანილი.
“მელიებს” პირველი ნახევარი ჯეიმი ვარდიმ მოაგებინა, რომელმაც მაჰრეზის ჭკვიანური გადაცემა შეირგო, ახლო მანძილიდან გაიტანა და 34-ე წუთზე “კინგ პაუერ სთედიუმზე” შეკრებილი პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანა.
მეორე ტაიმი კლაუდიო რანიერის შეგირდებისთვის კიდევ უფრო კარგად დაიწყო და 48-ე წუთზე მაჰრეზმა ტიბო კურტუას შორეულ მაღალ კუთხეში ულამაზესი გოლი გაუტანა. ამის შემდეგ სტუმრები ცოტათი გააქტიურდნენ და ანგარიშის შემცირებაც მოახერხეს: 77-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა რემიმ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.
“ლესტერი” 16 ტურის შემდეგ 35 ქულით პრემიერლიგის ლიდერია და მე-2 ადგილოსან “არსენალს” 2 ქულით უსწრებს, ხოლო “ჩელსი” მე-16 ადგილამდე დაეშვა და გასავარდნ ზონასთან სხვაობა ერთი ქულაღაა...
ლესტერი – ჩელსი 2:1 (1:0) (მიმოხილვა)
ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, დრინკვოთერი (კინგი 17), კანტე, მაჰრეზი (ინლერი 82), ოლბრაიტონი, ულოა, ვარდი (ოკაზაკი 88).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ზუმა, ტერი (ფაბრეგასი 53), აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, რამირესი, მატიჩი, აზარი (პედრო 31), ოსკარი (რემი 65), ვილიანი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 1:0 ვარდი (34), 2:0 მაჰრეზი (48), 2:1 რემი (77)
გაფრთხილებები: ვარდი, ჰუტი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი