ფეხბურთი

3:38 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” “ბარსელონას” დაეწია, “რეალი” დუეტს ჩამორჩა

ესპანეთის ჩემპიონატში მე-15 ტურის შემდეგ ვითარება ძალიან დაიძაბა. “ბარსელონას” წაფორთხილებით მადრიდის “ატლეტიკომ” ისარგებლა, შინ “ბილბაო” დაამარცხა და ქულებით გაუთანაბრდა. სამაგიეროდ, ბოძებული შანსი ვერ შეირგო მეორე მადრიდულმა კლუბმა “რეალმა”, რომელიც “ელ მადრიგალზე” დარჩა უქულოდ და ლიდერთა დუეტს 5 ქულით ჩამორჩა.

ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ ნახსენებ არენაზე გაიმართა. მარსელინიო ტორალმა “რეალთან” შეხვედრისთვის შესანიშნავად მოამზადა გუნდიდა სამი ქულაც დამსახურებულად დარჩათ. აღსანიშნავია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მატეო მუსაჩიოს ძირითადში დაბრუნება, რომელმაც მწვრთნელის იმედები გაამართლა და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო რაფაელ ბენიტესმა, რომელმაც ტონი კროოსი თადარიგში დატოვა და მის ნაცვლად, კასემირო ათამაშა. მადრიდელებს დაუბრუნდათ კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა და ნამდვილად ეტყობოდა, რომ სასურველი ფორმისგან შორსაა.

შეხვედრა მასპინძლებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და მთელი პირველი ტაიმის განმალობაში უპირატესობას ფლობდნენ. ყველაზე აქტიური “ვილიარეალის” თავდამსხმელი სედრიკ ბაკამბუ გახლდათ, რომელიც ფაქტობრივად ყველა შეტევაში მონაწილეობდა. მე-4 წუთზე მან სერხიო რამოსი ბავშვივით მოატყუა (ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი) და დასარტყმელ პოზიციაზე ჯონათან დოს სანტოსი გაიყვანა, რომლის გასროლილი ძელმა მოიგერია. მე-8 წუთზე სედრიკმა კიდევ ერთი კარგი გადაცემა განახორციელა და ამჯერად, მისი გარჯა უშედეგოდ არ დასრულებულა – რობერტო სოლდადომ ყოფილი გუნდის კარში გაიტანა და ლა ლიგაში მე-2 ტურის შემდეგ პირველად გაიტანა. ტაიმის ბოლომდე “ყვითელ წყალქვეშა ნავებს” კიდევ ორჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ბაკამბუს ორივე შემთხვევაში მიზანმა უმტყუნა. სტუმართაგან ერთი ნახევარმომენტი ბენზემას ჰქონდა, რომელმაც არეოლას კარს ზემოდან გადააცილა.

მეორე ნახევარი მადრიდელებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის 15 წუთში რამდენჯერმე შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ ქარიმ ბენზემამ ხელსაყრელი მომენტები გაანიავა. კარგი ეპიზოდი ჰქონდა გარეტ ბეილსაც, მაგრამ უელსელს არეოლამ აჯობა. აღსანიშნავია, რომ მეტჯერ მადრიდელებს მასპინძელთა კარის კარჩოში ზუსტად არც დაურტყამთ. საწყისი შტურმის მოგერიების შემდეგ კი, “ვილიარეალმა” თამაში დაალაგა, მეტოქეს შანსებს თითქმის აღარ აქმნევინებდა, ხოლო თავად მწვავე კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას და ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში ბაკამბუს მეტი ყურადღებით რომ ეთამაშა, ანგარიშის გაზრდაც შეიძლებოდა. მატჩის ბოლოს ტორალმა სოლდადო გაიყვანა და ლეივას შემოშვებით ნახევარდაცვა გააძლიერა, რამაც გაამართლა და “ვილიარეალს” საქმის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია - 1:0.

“ვილიარეალმა” 27 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა, ხოლო “რეალი” 30 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. კიდევ, "ბლანკოსმა" 3 ქულის გარდა, მარსელოც დაკარგა, რომელმაც ტრავმა შეხვედრის ბოლოს მიიღო და მის ნაცვლად, ხესე გამოჩნდა. ასევე მასპინძელთა რიგებში ერიკ ბაილი დაშავდა, რომელმაც მხრის დაზიანება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ფეხბურთელთა ტრავმები.

“რეალისგან” განსხვავებით, საკუთარი შანსი მშვენივრად გამოიყენა “ატლეტიკომ” და ლა ლიგის თანალიდერი გახდა. თუმცა, მადრიდულ კლუბს გამარჯვება ძალიან გაუჭირდა და თავიდან სულაც აგებდა. 27-ე წუთზე სტუმართა მოწოდებულ კუთხურს აიმერი ლაპორტეს გოლი მოჰყვა და მასპინძლები რთულ სიტუაციაში ჩავარდნენ, რომელთან ძალიან უშველა საულის გოლმა. ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე თავური დარტყმითY გაათანაბრა და მეტოქეს გასახდელში გაატანა გოლი.

მასპინძლებს მეორე ტაიმშიც სერიოზული პრობლემები შეექმნათ და 52-ე წუთზე კინაღამ მეორე გოლიც გაუშვეს: არიც ადურისი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ გამოცდილ ფორვარდს იან ობლაკმა აჯობა. ”როხიბლანკოს” კვლავ ანტუან გრიზმანმა მოაგებინა, რომელმაც 67-ე წუთზე შორეული დარტყმით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში დიეგო სიმეონემ დაცვა გაამაგრა და მასპინძლებს აღარ გასჭირვებიათ – 2:1. აღსანიშნავია, რომ იან ობლაკმა ოთხმატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

ლა ლიგაში დებიუტი ფრით აღნიშნა გარი ნევილმა, რომლის გაწვრთნილმა “ვალენსიამ” ქულის მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა. პირველ ნახევარში “ღამურები” სუსტად გამოიყურებოდნენ და 45-ე წუთზე ენრიჩის გატანილი გოლით აგებდნენ კიდეც. სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა რომ არა ხაუმე დომენეშის საოცარი სეივი, რომელმაც მე-14 წუთზე ენრიჩს დაახლოებით სამი-ოთხი მეტრიდან აჯობა.

მეორე ტაიმი “ვალენსიასთვის”კიდევ უფრო ცუდად დაიწყო. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ხოსე ლუის გონსალესმა ძალიან საკამათო გადაწყვეტილება მიიღო: სტუმართა კარში პენალტი დანიშნა და ლუკას ორბანი გააძევა. პენალტი უფრო არ იყო, ვიდრე იყო, ხოლო ორბანის გაძევება ნამდვილად უსაფუძვლო და გადამეტებული გახლდათ, რადგანაც ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო, რომლის მსგავსი საჰაერო ორთაბრძოლები, თითქმის ყოველ სტანდარტულზეა. თითქოს სამართალმა იზეიმა, ხაუმემ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ბერხონს 11-მეტრიანი აუღო. ამის შემდეგ, ნევილმა თამაში გადააწყო: დანილო ბარბოსას ნაცვლად, ხოსე ლუის გაია შეუშვა, რომელმაც ლუკას ორბანის გაძევებით გამოწვეული სიცარიელე შეავსო, ხოლო 76-ე წუთზე თამამი გადაწყვეტილება მიიღო და მარჯვენა მცველის ანტონიო ბარაგანის მაგივრად, ალვარო ნეგრედო ჩართო თამაშში. ახალბედა მწვრთნელს გამოცდილმა ფორვარდმა გაუმართლა და 85-ე წუთზე ხუნსას მიერ გატანილ ავტოგოლში დიდი წვლილი მიუძღვის. ათკაციან “ღამურებს” 92-ე წუთზე სულაც მოგება შეეძლოთ, პაკო ალკასერი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ ივან რამისმა წააქცია და წითელი ბარათი მიიღო, რომელიც მოპოვებულ ქულად ნამდვილად უღირდა – 1:1.

დღის გახსნითი შეხვედრა “ესტადიო ვალეკასზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “რაიო ვალეკანო” ანდალიუსიურ “მალაგასთან” დამარცხდა და ხავი გრასია გაგდებას კიდევ ერთხელ გადაურჩა.

რაიო ვალეკანო – მალაგა 1:2 (1:0)

მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): იოელი, ამაია, დ.ლორენტე, ნ.მარტინესი, ტიტო, ტრაშორასი, ხოზაბედი, ბებე (ემბარბა 62), პ.ერნანდესი (მანუჩო 68), ბანგურა (ქუინი 85), გერა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ალბენტოსა, როსალესი, მ.ტორესი, ფორნალსი (ხუანპი 83), ფილიპენკო (ჩარლესი 58), დუდა (რესიო 58), ამრაბატი, ხ.კარლოსი, ჩოპი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

გოლები: 1:0 გერა (6), 1:1 ჩარლესი (59), 1:2 ჩოპი (87)
გაფრთხილებები: გერა – ჩოპი, ალბენტოსა
მსაჯი: კლოს გომესი

ეიბარი – ვალენსია 1:1 (1:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-4-2): რიესგო, მ.დოს სანტოსი, რამისი, კაპა, ხუნსა, ესკალანტე, დ.გარსია, კეკო (ჰაიროვიჩი 89), ბერხონი (ინუი 85), ბასტონი (ადრიანი 78), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ვალენსია (4-1-4-1): დომენეში, მუსტაფი, აბდენური, ორბანი, ბარაგანი (ნეგრედო 76), ფუეგო, ბარბოსა (გაია 68), გომეში, დე პაული (პიატი 46), კანსელო, ალკასერი.
მწვრთნელი: გარი ნევილი

გოლები: 1:0 ენრიჩი (45), 1:1 ხუნსა (85 ს.კ.)
გაფრთხილებები: მ.დოს სანტოსი, კაპა, ხუნსა, დ.გარსია – დე პაული, მუსტაფი, ფუეგო
გაძევებები: ორბანი (65), რამისი (92)
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

ატლეტიკო – ბილბაო 2:1 (1:1)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ხუანფრანი, ლუისი, გაბი, კოკე, კარასკო (ვიეტო 58), საული, ვიეტო (ფ.ტორესი 61), გრიზმანი (სავიჩი 88).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, ბოვედა (სუსაეტა 71), ბალენსიაგა, იტურასპე (მ.რიკო 59), ბენიატი, რ.გარსია, დე მარკოსი, უილიამსი (სოლა 86), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 ლაპორტე (27), 1:1 საული (45+2), 2:1 გრიზმანი (67)
გაფრთხილებები: გაბი – ადურისი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

ვილიარეალი – რეალი 1:0 (1:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, მუსაჩიო, ბაილი (რუკავინა 84), ხ.კოსტა, ტრიგეირასი (პინა 82), სორიანო, დ.სუარესი, ჯ.დოს სანტოსი, სოლდადო (ნ.ლეივა 83), ბაკამბუ.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

რეალი (4-3-3): ნავასი, პეპე, რამოსი, დანილო, მარსელო (ხესე 89), კასემირო (კოვაჩიჩი 79), მოდრიჩი (ისკო 79), ხამესი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლი: სოლდადო (8)
გაფრთხილებები: ბაილი, დ.სუარესი – მარსელო, რამოსი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

თეგებილა ლიგა
0.253228