ჭიდაობა

23:00 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბინის გასაღები ღვინიაშვილმა ჩაიბარა

პაატა ღვინიაშვილი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავანი მეორედ გახდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შიდაქართლელმა ძიუდოისტმა თბილისის ცირკში დღეს გამართული ტურნირის გადამწყვეტ ფინალში საჩხერელი მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე დაამარცხა და უმაღლეს ტიტულს მეორედ დაეუფლა. პირველად ღვინიაშვილმა ეს შარშანწინ შეძლო და მთავარი პრიზი - ML-ის ჯიპი დაისაკუთრა. ამჯერად კი პირველობისთვის დიდ დიღომში მდებარე ბინის გასაღები გადაეცა. მეორე ადგილზე გასულ ბუღაძეს ავტომანქანა მერსედესი ერგო. მესამეადგილოსანმა ლევან მატიაშვილმა კი რეპეშაჟის ფინალში გიორგი ბოლოთაშვილის ძლევისთვის 3 ათასი ლარი მიიღო.

უმთავრესი ტურნირის დაწყებამდე თბილისის ცირკში გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებსაც საერთო საპრიზო ფონდიდან 3, 2 და 1 ათასი ლარი გადაეცათ. 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში საპრიზო სამეულები ასე შეივსო:

80 კგ

1 გიორგი კაციაშვილი

2 გიორგი პაპუნაშვილი

3 კახა მამულაშვილი

90 კგ

1 პაატა ღვინიაშვილი

2 კონსტანტინე გაზაშვილი

3 ზაურ მამარდაშვილი

100 კგ

1 არსენ ხანჯიანი

2 დავით ლორიაშვილი

3 იასონ ნემსაძე

+100 კგ

1 ონისე ბუღაძე

2 გურამ თუშიშვილი

3 ლევან მატიაშვილი

აბსოლუტური ფალავნობის სატურნირო ბადეში ოთხივე წონის მედალოსნები და მეოთხე ადგილზე გასული მოჭიდავეები: ალექსანდრე ნანიევი (80 კგ), ლევან წიკლაური (90 კგ), გიორგი ბოლოთაშვილი (100 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) გადანაწილდნენ. დღის ერთ-ერთი ხმაურიანი მოულოდნელობა საქართველოს ფალავანის ადამ ოქრუაშვილის წარუმატებლობა იყო. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ძიუდოისტი საწყის ეტაპზე თანაგუნდელ ლევან მატიაშვილთან დამარცხდა.

საქართველოს აწ უკვე 2-გზის ფალავანმა პაატა ღვინიაშვილმა კი ფინალის გზაზე ორი მეტოქე ჩამოიშორა: კონსტანტინე გაზაშვილი და ლევან მატიაშვილი.

აბსოლუტური ფალავნობა

1 პაატა ღვინიაშვილი

2 ონისე ბუღაძე

3 ლევან მატიაშვილი

0.133534